"გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა" - სარფთან მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
- "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილები არიან მეგი ჯაიანი, სალომე გორგაძე და ანა მახარაძე. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ.












