ENews.Ge ახალი ამბები

„თუ შეიძლება ადამიანს კიბო ჰქონდეს და იყოს ბედნიერი, მე ვარ! ისევ შევაბიჯე ონკოლოგიურის ეზოში…“ – ჟურნალისტი შორენა სურმანიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს



ჟურნალისტი შორენა სურმანიძე, რომელიც 14 წლის წინ ჰოჯკინის ლიმფომას ებრძოდა, რამდენიმე თვის წინ კი ავთვისებიანი სიმსივნე - კარცინომა დაუდგინდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას.

როგორც შორენა სურმანიძე აღნიშნავს, დიაგნოზის გაგების დღიდან დღემდე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, სრულიად უცხო ადამიანები უდგანან გვერდში, რისთვისაც მათ საჯაროდ მადლობას უხდის.

მის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„...ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაინტერესებთ ჩემი მდგომარეობა, რისთვისაც უზომოდ ბედნიერი ვარ... აქ დავწერ.

ცოტა ვრცელი გამომივა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ძალიან მოკლეა, იმასთან, რისი თქმაც მინდა.

...დღეები რომ ახლოვდებოდა, მოუთმენლობა პიკს აღწევდა... როგორც იქნა, დადგა ეს დღეც, 2024 წლის 8 მაისი, რაუნდი მეორე, ქიმია პირველი (როცა რაღაც ჩემი გადასატან-გასავლელ-გასაკეთებელია, ძალიან სულსწრაფი ვარ, მინდა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს...)

დილით გამოვიპრანჭე და წავედი პაემანზე ჩემი ცხოვრების მთავარ გამოწვევასთან შესახვედრად, თვალებში ჩასახედად.

ონკოლოგიურის გზა, ეზო და გვერდით კლინიკა, სადაც მე და ჩემი სიმსივნე უნდა გავიყაროთ, თვეების შემდეგ.  გავერკვევით ერთმანეთში, დავლაგდებით და ჩვენი გზებიც გაიყოფა, ამჯერად, იმედია, სამუდამოდ. 

„დეჟა ვუ"

რასაც ხედავთ, უკვე იყო, ბევრი წლის წინ, როცა, ძველი ონკოლოგიური შენობის ეზოში 12 წლის გოგომ შევდგი ფეხი, ჩემთვის გაუცნობიერებელი მიზეზით და არაფრის შიშით. უბრალოდ, მაშინაც ცოტათი დავიღალე და მხოლოდ მშობლებზე, საყვარელ ადამიანებზე, მათ განცდებზე ვნერვიულობდი და მეფიქრებოდა, სხვა სირთულეებთან ერთად...

გადასხმებისას სულ ვიღიმოდი -ექიმების, ექთნების და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულიც მუდამ უშრეტად მქონდა. სწორედ ამ სიყვარულით, შემართებით გავიმარჯვე წლების წინ.

...დღეს, ბევრი წლის შემდეგ, ისევ შევაბიჯე იმ ეზოში, ოღონდ, გვერდით, ახალ შენობაში. ისეთი შემართებით, ჯერ რომ არ მქონია და ისევ ღიმილით, მთელი გადასხმის პერიოდში. შეიძლება ითქვას, ძალიან მარტივად ჩაიარა პირველმა ქიმიამ, გადასხმის პროცესმა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ვერ მაჯობა, ვერ გამტეხა :დ ხვალიდან ვნახოთ, გვერდით ეფექტებთან საბრძოლველადაც მზად ვარ. :)))

...ხომ იცით, ვინც მიცნობთ და ვინც არ მიცნობთ ახლოს, ისედაც მიხვდებოდით, ძალიან პრანჭია ვარ და როცა დიაგნოზის შესახებ გავიგე, უკვე მეორედ, გარეგნულ ცვლილებებზე ვდარდობდი, ზოგჯერ მგონია, რომ არ ვარ ნორმალური, მაგრამ არა უშავს 

ჰოდა, ბევრი ემოცია მოვიდა, მოვა, ხშირად გავიღიმებ, ზოგჯერ ავცრემლდები კიდეც, ბუნებრივია. ქალი ვარ და არა „რკინის ლედი", ზოგიერთებს რომ გგონივართ :)))). წინ გარეგნობასთან დაკავშირებული ცვლილებებიც მელის, ქიმიის შემდგომი სირთულეებიც, მაგრამ ეს არაფერია, იმ სიყვარულთან, რასაც თქვენ მაძლევთ, ჩემო გულშემატკივრებო. არ მეყოფა ეს სივრცე, თქვენ ადამიანობაზე რომ ვწერო, სათითაოდ. მოსაყოლი კი იმდენი მაქვს... როცა ყველაფერი დასრულდება, აუცილებლად მოვყვები, (უფრო დალაგებულად)

დიაგნოზის გაგების დღიდან, ოჯახი, თანამშრომლები, მეგობრები, ნათესავები, კოლეგები, ექიმები, სრულიად უცხო ადამიანებიც კი, როგორ მიდგახართ გვერდით. იმდენი საოცარი ადამიანი გავიცანი ამ 5 თვეში...

იმედი მაქვს, თქვენ ამ სიყვარულს ვუპასუხებ ღირსეულად.

მადლობას არ ვამბობ, იმიტომ რომ ცოტაა, რასაც მე თქვენგან ვგრძნობ, იმ მადლიერების, იმ ემოციების გამოსახატად, დასაბრუნებლად.

უბრალოდ, მინდა ვთქვა: მე ბედნიერი ადამიანი ვარ!

თუ შეიძლება ადამიანს კიბო ჰქონდეს და იყოს ბედნიერი, მე ვარ! 

სხვას არაფერს არ აქვს აზრი. იქნება ისე, როგორც იქნება და გვინდა! 

პ.ს.

1. მეშინია? - რა თქმა უნდა, არა!

2. ვნერვიულობ? განვიცდი მდგომარეობას? - ბუნებრივია, კი. მოდის ეს ემოციებიც და ტყუილია, იმის თქმა, არ

ინერვიულოო, ცოტათი მენერვიულება კიდეც გასავლელი გზის გამო და არა შედეგის, რადგან, ყველაფერი რომ კარგად იქნება, ამის მე და ჩემ გამოუსწორებელ ოპტიმიზმს ისედაც გვჯერა 

3. შენ ძლიერი ხარ, გადაიტან, დაამარცხებ - ზოგჯერ მინდა სუსტი ვიყო, მაგრამ მაძლევთ მაგის საშუალებას? - რა თქმა უნდა, ისევ და ისევ არა! 

ჰოდა, სიტყვა რომელიც ყველაზე მეტად მომწონს: გაუძელი - დიახ, ჩემი გადასატანია და აუცილებლად გავუძლებ!

მეოთხე და უსასრულოდ, მიყვარხართ მე თქვენ, ადამიანებო! ".

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა