“რა, წავაგეთო? 12 წლის ბიჭი ამას მეუბნება… ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან” – იმედა კახიანი გარდაცვლილ ვაჟზე
ეკა კახიანი გარდაცვლილი ძმის, ლადო კახიანის ფოტოს აქვეყნებს. ლადო 24 იანვარს 58 წლის გახდებოდა.
კახიანები ამ ტრაგედიაზე, საჯაროდ, თითქმის არასდროს საუბრობენ.
იმედა კახიანმა ვაჟზე ერთხელ მოჰყვა, ბაია დვალიშვილის გადაცემაში, სამი წლის წინ.
იმედა კახიანი: 12 წლის იყო. სიცოცხლით სავსე, ენერგიული. მოუსვენარი. წყნეთში ვიყავით. ზაფხული იყო, ვისვენებდით. ცუდად შეიქნა. გახდა, არ ჭამდა. ეს ცეცხლივით ბიჭი უხალისო გახდა. საუბედუროდ უკურნებელი სენის დიაგნოზი დაუსვეს – ლეიკემია. მითხრეს, შვიდი თვე დარჩა, მსოფლიოში არ არსებობს ამის წამალიო. როგორია ამ პირობებში ცხოვრება? მაგრამ საოცარი იყო ამ ბიჭის ცხოვრება. იცოდა ყველაფერი, ყველა მკურნალობაზე მოდიოდა, “მტკივას” გარეშე.
ჩემი დაბადების დღე იყო და ლადო უკვე ისე იყო, საწოლიდან ადგომაც უჭირდა. რას შვები, ბიჭებს არ ეძახიო, მკითხა. დაღლილი ვარ, ამის თავი არ მაქვს-მეთქი, ვუთხარი. რა, წავაგეთო? 12 წლის ბიჭი ამას მეუბნება. დაუძახა დედამისს ჩამაცვითო. დაუძახე ბიჭებსო, მითხრა. ასეც მოვიქეცი და აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე. ეს საშინელებაა და ღმერთმა ყველა უნდა დაიფაროს ამისგან. ერთი დღე არ მიცოცხლია მის გარეშე. დრო მკურნალიაო რომ ამბობენ, ტყუილია. პირიქით, რაც დრო გადის, უფრო მძიმდება…
წყარო : Zmna.ge











