“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა… მანამდეც ძალადობდა, მარი სულ დალურჯებული დადიოდა და ეს იცოდა ყველამ” – ფემიციდი გარდაბანში: დეტალები
ფემიციდის მორიგი შემთხვევა მოხდა გარდაბანში. ახალგაზრდა ქალი ქმარმა, სასტიკად ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი მაღაზიაში მოუვიდათ, ამის შემდეგ კაცმა ცოლს დასაკეცი დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული პოლად ალიევი დაკავებულია.
“ჯერ კარადების ფერზე დაუწყიათ ჩხუბი, მერე ამ გოგოს უთქვამს, მაინც უნდა გაგშორდე და სახლი როგორც მინდა, ისე უნდა მოვაწყოო”, – გვეუბნება წყარო. მისივე ცნობით, მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
- მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მარიამ გახოკიძეა. როგორც მისი ახლობელი გვიყვება, “უბნელები ხშირად ამბობდნენ, რომ ქმარი ცოლზე ხშირად ძალადობდა”.
“მარი საოცრად კარგი გოგო იყო. ბავშვობიდან ვიცნობდი. ურთულესი ცხოვრება აქვს გამოვლილი. გარდაბანში ცხოვრობდა მისი ოჯახი. დედამისი მარის მამას გაშორებული იყო და სხვა ქმარი ჰყავდა. მასთან ორი შვილი შეეძინა გოგო და ბიჭი. გოგო შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ამიტომ დედამისი 8 წელი იქნება რაც გერმანიაში ცხოვრობს იმ შვილთან ერთად. ჩაბარდა დევნილის სტატუსით, რადგან შვილს გადაადგილება არ შეუძლია. მარიამი პატარა ასაკიდან იყო ძალადობის მსხვერპლი. მასზე მამინაცვალი ძალადობდა, სცემდა. ეს დედამაც იცოდა, მაგრამ დიდი რეაქციები არ ჰქონდა. ამ მოძალადე მამინაცვალს რომ გასცლოდა ამიტომ გაჰყვა ვფიქრობ იმ ბიჭს, ქმარს. ის ქმარი დასდევდა, მოსწონდა მარი და გაჰყვა ცოლად. ქმარი მარიზე ბევრად უფროსია, ეს მისთვის მეორე ქორწინება იყო.











