რატომ მიიყენა ექიმმა ქალმა ქუთაისში თვითდაზიანება,რა ვერსია გავრცელდა ახლახანს.
- ფოტოკოლაჟი: კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ ბოჭორიშვილი და დაწესებულების დირექტორი კახა ნურალიძე
ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე, რომლის დროსაც ექიმმა ქალმა თვითდაზიანება მიიყენა, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნულ შემთხვევას წინ უძღოდა ხანგრძლივი სამართლებრივი და ადმინისტრაციული დავა კლინიკის მესაკუთრეებსა და მენეჯმენტს შორის.
ვიდრე გამოძიება საბოლოო სიტყვას იტყვის, გთავაზობთ ექსკლუზიურ და ვრცელ ინტერვიუებს დაპირისპირებულ მხარეებთან
ამ დროისთვის დაწესებულებაში რეაბილიტაციისა და რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რასაც თან ახლავს საკადრო ცვლილებები და შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა, რაც მხარეებს შორის დაპირისპირების ძირითადი საფუძველი გახდა.
- “ეს არის სისტემური ძალადობა – ექიმებს ჩემი ფოტოების დალაიქებასაც კი უკრძალავდნენ“
მარიამ ბოჭორიშვილი კლინიკის 33%-იანი წილის მფლობელი და კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკუთარი აშენებული კლინიკიდან ატირებული გამოუშვეს.
– მარიამ, რა ხდებოდა კლინიკაში დღევანდელ ინციდენტამდე?
– კლინიკაში არის გაუსაძლისი მდგომარეობა. მე თავად, დამფუძნებელი ადამიანი, იძულებული გავხდი წამოვსულიყავი, რადგან დირექტორი, კახა ნურალიძე, ისეთ პირობებში მაყენებდა, რომ გაჩერება შეუძლებელი იყო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი და უბრალოდ, ატირებული წამოვედი იქიდან. მან მიიღო გადაწყვეტილება და გამათავისუფლა სამსახურიდან, რასაც ახლა ქუთაისის სასამართლო იძიებს.
მეუბნებოდა, – მერე რა, რომ დამფუძნებელი ხარ, აქ შენი საქმე არაფერიაო. წარმოიდგინეთ, ჩემს საკუთარ კაბინეტში შესვლა ამიკრძალა და თანამშრომლებს ეუბნებოდა, – ვინც მარიამს ოთახში შემოუშვებთ, ყველას სამსახურიდან მოგხსნითო. ამის ჩანაწერები მაქვს.
ვყავდი ფსიქოლოგიურ სტრესში. პირდაპირ მეუბნებოდა, – “ენა ტლიკინა ხარო“. ზოგადად, ექიმების კაბინეტებში შესვლა ამიკრძალა. მერე თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ, ვინც მარიამს თქვენს ოთახში შემოუშვებთ, ყველას მოგხსნით სამსახურებიდანო. და რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერები ყველაფერი მაქვს, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო, რომ არ ჩამეწერა.
29 ივნისს ჩემი დაბადების დღე იყო. თანამშრომლებმა სიურპრიზი მომიწყვეს, ტორტი და ყვავილები მომიტანეს. ამ დროს შემოვიდა დირექტორი, ვითომ სადღეგრძელოს თქმა დააპირა და მკითხა: “რამდენი წლის გახდიო?“. ვუპასუხე – 33-ის-მეთქი. “უი, ქრისტეს ასაკში ყოფილხარ და ფრთხილად იყავი, ჯვარზე არ გაგაკრათო“, – მითხრა ყველას თანდასწრებით. ეს იყო ბოლო წვეთი. ამის შემდეგ იქ ვეღარ გავჩერდი.
ჩემი ქმარი იყო ყოფილი დირექტორი ამ კლინიკის, შოთა მარუაშვილი, რომელთანაც თავად არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, იმიტომ რომ შოთა არის საპყრობილეში – ქრთამის გაცემის მუხლით აქვს ბრალდება წაყენებული.
– ექიმზე, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, რას გვეტყვით? ჰქონდა თუ არა მას თქვენთან კომუნიკაცია ინციდენტამდე?
– კი, ინციდენტამდე დაახლოებით 10 დღით ადრე დამირეკა კივილით: “აქაურობის დამფუძნებელი ხარ და მიშველეთ, ამ კაცს მიხედეთ, აღარ შემიძლია, თავს მომაკვლევინებსო!“. ის ყველას ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს. სათითაოდ ჰყავს ყველა კაბინეტში დანაბარები და ეუბნება – აქ ორი მხარეა, თუ ჩემს მხარეს არ დადგებით, ყველას გაგათავისუფლებთო. სოციალურ ქსელში ჩემს პოსტებზე “ლაიქის“ დაწერასაც კი უშლიდა თანამშრომლებს. ვისაც დალაიქებული ჰქონდა, კონფერენციებზე განიხილავდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
– დღეს რა მოხდა? აი, თქვენ როგორ შეიტყვეთ ინციდენტის შესახებ?
– თანამშრომელმა დამირეკა, რომ ექიმმა ვენები გადაიჭრაო. მანამდეც ვესაუბრე იქაურ ექიმებს და მითხრეს, – ცუდად არის, მის გაშვებას აპირებს სამსახურიდანო. მე, რა თქმა უნდა, აზრს არავინ არ მეკითხებოდა, მაგრამ დღეს რა მოხდა კონკრეტულად, მართლა არ ვიცი.
ყველა გაოცებულია, რადგან ეს ქალბატონი ძალიან კარგი ექიმია. მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან ბევრ კლინიკაში უმუშავია და არცერთ კლინიკაში არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. ისეთი ადამიანია, რომ წყობიდან გამოსული არ მინახავს.
ახლა, როგორც ვიცით, პროკურატურაში ჰყავთ წაყვანილი. მეც დამიკავშირდნენ და ვუთხარი, რომ აუცილებლად მივცემ ჩვენებას.
- “ეს არის კასტა, რომელსაც კლინიკის გაძარცვა უნდა – მე ამას არ დავუშვებ“
კლინიკის დირექტორი, კახა ნურალიძე, რომელიც წლებია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, ბრალდებებს “უნიჭო პროვოკაციას“ უწოდებს.
– ბატონო კახა, მარიამ ბოჭორიშვილი გადანაშაულებთ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და თანამშრომლების ტერორში. რას უპასუხებთ მას?
– ეს არის გრძელი ისტორია. კლინიკა 2024 წლის დეკემბერში იყო სრულად განადგურებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გაყიდულიყო. მე მომმართეს მის გადასარჩენად და ჩემმა გუნდმა ეს ბრწყინვალედ შეასრულა. რაც შეეხება მარიამ ბოჭორიშვილს, ის გათავისუფლდა პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო.
ეს არის ადამიანების კასტა, რომლებსაც სხვა გზა აღარ დარჩათ და ყველაფრის მკადრებლები არიან. მათ უნდათ ხელის ფათური ისევ კლინიკის ფინანსებში, რამაც დააქცია ეს საავადმყოფო თავის დროზე. ვერ ეგუებიან იმას, რომ კლინიკა წინ მიდის. “ლაიქების“ აკრძალვა და მსგავსი რამეები არის სრული აბსურდი და ტყუილი. 21-ე საუკუნეა, ყველამ იცის ვინ ვინ არის.
– დღევანდელ ინციდენტზე რას გვეტყვით? რატომ მიიყენა ექიმმა დაზიანებები?
– ეს ქალბატონი წინა კვირაში გავაფრთხილე, რომ არასწორად იქცეოდა – სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ აწარმოებდა კანონდარღვევით ქმედებებს, რაც ასევე გამოძიების კომპეტენციაა უკვე. გავაფრთხილე, რომ არ მინდა შენი სამსახურიდან გაშვება და ნუ მაიძულებ-მეთქი.
მეორე დღეს კიდევ უფრო უარესი გააკეთა. მე ეს საკითხი ეთიკის კომისიას გადავეცი განსახილველად, მეტს ვერაფერს ვიტყვი… თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, – კლინიკა არის რეაბილიტაციის რეჟიმში, მიდის რეორგანიზაცია, მე სრული უფლება მაქვს გავუშვა ვინც მინდა და დავტოვო ვინც მინდა.
ამათ რომ სხვა გზა აღარ დარჩათ, წამოვიდნენ მსგავს პროვოკაციაზე.
ვითომ ვენების გადაჭრა და ოპერაცია – ტყუილია! არავითარი ოპერაცია არ დასჭირვებია, თვითდაზიანება მიიყენა ხალხმრავალ ადგილას. მე არაფერი არ მითქვამს შეურაცხმყოფელი, მან კი მიპასუხა – “თქვენ ხართ არაკაციო…” ის აუცილებლად გათავისუფლდება კანონით დადგენილი წესიერებით.
– გავრცელდა ინფორმაცია სექსუალურ შევიწროებაზეც…
– ეს საერთოდ ღიმილის მომგვრელია. იმდენად დიდი სიბინძურეა, რომ თავად იმ ჟურნალისტებმაც კი, ვინც ეს დაწერეს, ტექსტი უკან წაიღეს. მე სქრინები შენახული მაქვს. მთელი საქართველო მიცნობს, 20 წელია კლინიკებში ვმუშაობ და ქართულ ჯანდაცვას ვქმნი. სამი დამფუძნებელი ერთ პოზიციაზე ვართ, მხოლოდ ბოჭორიშვილია წინააღმდეგი, რადგან მატერიალური ხეირი უნდა.
– ბატონო კახა, რას ელოდებით გამოძიებისგან? თუ დაგიკავშირდნენ უკვე სამართალდამცავები პოლიციიდან?
– რა თქმა უნდა, პოლიცია უკვე იყო მოსული, დამკითხეს, დაკითხეს სხვა თანამშრომლებიც და ამ ეტაპზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ვენდობი გამოძიებას, მშვიდად ვარ და არ ვნერვიულობ…











