თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ მის შვილს მომხდარს მკვლელობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ის ინფორმაცია ყოფილიყო, რაც თამუნამ კომპიუტერში ნახა.
მისი თქმით, არ იცის, შემთხვევით აღმოაჩინა თუ ვინმე დაეხმარა, თუმცა დარწმუნებულია, რომ თამუნამ „მასშტაბური სიმართლე“ გაიგო, რაც არ უნდა გაეგო. როგორც ამბობს, შესაძლოა ეს რამდენიმე მაღალჩინოსანს უკავშირდებოდა, რაზეც თავიდანვე საუბრობდა. თეონა თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ საჭირო გახდა თამუნას მოშორება და მიიჩნევს, რომ დაიწერა სცენარი – სახლიდან გაეყვანათ და ჩუმად მოეკლათ. მისი თქმით, თამუნა „მოჩხუბარი ბიჭი არ იყო, გარჩევაში რომ მოეკლათ“.
თამაზაშვილი ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ დეტალებზეც. მისი განცხადებით, პასუხი არ აქვს პირბადეზე აღმოჩენილ უცხო დნმ-ზე. ასევე ამბობს, რომ მისი შვილი სახლიდან შავი მაისურით გავიდა, ხოლო პროზექტურაში თეთრი ფითქინა მაისურით მოხვდა, რომელსაც არცერთი ლაქა არ ჰქონდა.
დედის თქმით, თამუნა ყიდულობდა ელექტროშოკებს, უკავშირდებოდა თეონა ყურუას და ეძებდა პოლიტიკურ თავშესაფარს. ასევე, მისივე განცხადებით, ის ჟურნალისტებს იმეგობრებდა და თადარიგს იჭერდა, რადგან „მარტო ებრძოდა სისტემას“.
თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თავიდანვე დარწმუნებული იყო, ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამ საქმეს „ფარცხავდა“. მისი თქმით, შოთაძემ მოგვიანებით დაწერა განცხადება და წავიდა, თუმცა მიიჩნევს, რომ მასაც მოეთხოვება პასუხი. თამაზაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ თავიდანვე იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე და ახსენებს გრიგოლ ლილუაშვილს, რომელზეც, მისი თქმით, საუბრობდნენ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებს კურირებდა.
„დღეს ხომ დარწმუნდნენ, რომ სამართალდამცავებთან კი არა, ბოროტმოქმედებთან გვქონდა საქმე“, – ამბობს თეონა თამაზაშვილი TV პირველთან საუბარში.











