სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი! -დანაშაულის დეტალები,
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, გუდის რაიონში, არასრულწლოვანთა ჯგუფი 17 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდა. თავდასხმის შედეგად მოზარდმა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო. მომხდარზე პოლიციამ ოთხი არასრულწლოვანი დააკავა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.შემთხვევა შაბათს, 21 ნოემბერს, აგიოს თომასის მოედანზე მოხდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 13 და 17 წლის ფილიპინელი, 14 წლის ქართველი და 13 წლის ალბანელი მოზარდები. პოლიცია თავდასხმაში მონაწილე სხვა პირების დასადგენად მუშაობას აგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მათთან ხუთი-ექვსი ახალგაზრდა მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოზარდი თანმხლებ პირთა დაცვას შეეცადა, რასაც თავდასხმა მოჰყვა. ჯგუფის წევრები მას მუშტებითა და ფეხებით გაუსწორდნენ.
ავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, მოზარდის გზაზე გადაგდებაც სცადეს, როდესაც ქუჩაში ავტომობილები მოძრაობდნენ. ამასთან, გავრცელებული ცნობით, მათ ბიჭისთვის ფულის წართმევაც სურდათ.თავდასხმის შედეგად 17 წლის მოზარდს ცხვირი გაუტყდა და ერთი თვალი მძიმედ დაუზიანდა. თავდაპირველი ინფორმაციით, არსებობდა მხედველობის დაკარგვის საფრთხეც, თუმცა ექიმებმა თვალის გადარჩენა შეძლეს.
დაშავებულს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე მყოფმა ექიმმა აღმოუჩინა, მოგვიანებით კი ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.შემთხვევის ამსახველი შემაშფოთებელი კადრები და აუდიოჩანაწერიც გავრცელდა. ჩანაწერში ისმის, როგორ ემუქრებიან თავდამსხმელები მოზარდს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მედიის ცნობით, ძალადობის დროს მოედანზე მდებარე კაფეებსა და რესტორნებში მყოფი ადამიანები მომხდარს უყურებდნენ, თუმცა თავდამსხმელების შეჩერება არავის უცდია.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა – მოზარდები ერთმანეთს იცნობდნენ, თავდამსხმელები კი 17 წლის ბიჭს წინასწარ ჩაუსაფრდნენ, რათა მისთვის ანგარიში გაესწორებინათ.დაკავებულებს ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, სხეულის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობის მცდელობა. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს არასრულწლოვანთა მშობლები, რომლებსაც შვილების არასათანადო მეთვალყურეობას ედავებიან.












