ENews.Ge ახალი ამბები

"მკერდი არ გამიდიდებია - ბუნებრივი ზომა დავიბრუნე. ის ადამიანი ვარ, ვინც Body positivity-ს თემების წინ წამოწევას ცდილობდა..."



"ჩემთვის საამაყოა, ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავზე როგორ ვიმუშავე..."


ბოლო დროს სალომე კაპანაძე გარეგნულად ძალიან შეიცვალა. მიზეზით დავინტერესდით და ცოტა რამ "პრაიმ ჰაუსის" ახალ სეზონში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ...


- ბევრი არ მიფიქრია, მეხუთე სეზონში შევსულიყავი თუ არა, რადგან პირველი სეზონის შემდეგ 2 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ შევიცვალე, როგორც ვიზუალურად, ისე - ხასიათით, შეხედულებებით... ვფიქრობ, მაყურებლების წინაშე აუცილებლად უნდა წარვდგე - ძალიან საინტერესო იქნება...

- ამ ხნის განმავლობაში რა ისწავლე, რეალითი შოუში თამაშს როგორ წარმართავ?

- ტაქტიკით, გარეთ დალაგებული გეგმებით ვერ შეხვალ, რადგან იქ ყველაფერი სხვაგვარად ხდება. როგორც წესი, ვინც დალაგებული გეგმებით შედის, ამის მსხვერპლი თავადვე ხდება, ამ მახეებში თავადვე ებმება. კონკრეტული ტაქტიკა არც პირველ სეზონში მონაწილეობისას მქონია და არც ახლა ვაპირებ. ეს რეალითი შოუა და ვფიქრობ, გამოგონილი, კონკრეტული პერსონაჟის თამაში უაზრობაა. მიმაჩნია, რომ ის უნდა იყო, ვინც რეალურად ხარ. ამიტომ დინებას მივყვები.

- არის რამე, რის შესახებაც გადაჭრით უარის თქმა შეგიძლია პროექტში ყოფნისას, მაგალითად - რომანზე?

- მსგავს სიტუაციებს როგორც ცხოვრებაში ვერ დაგეგმავ, რეალითი შოუშიც ანალოგიურად ხდება.რომანს გამოვრიცხავ, რადგან უკვე თითქმის ყველა მონაწილესთან ვმეგობრობ.

- სალომე, როდის გააცნობიერე, რომ ლამაზი გოგო ხარ?

- უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, საკუთარი თავი როდის შევიყვარე: ეს ეტაპობრივად მოხდა. ბევრი ვიკითხე, ბევრის გამოცდილებაც გავიზიარე, პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ წონას ან გარეგნობის რაიმე დეტალს მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია, საკუთარი გარეგნობის მიმართ ჰარმონიულად განწყობილი იყო, კომფორტულად გრძნობდე თავს. ამ შემთხვევაში, სხვისი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია. "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობისას, ჩემს გარეგნობას ხალხი განსაკუთრებით აქტიურად განიხილავდა. სხვათა შორის, ამ თემაზე მერე დავფიქრდი: როცა შენში მიზეზს ეძებენ და ვერ პოულობენ, მერე უკვე გარეგნობის განხილვაზე გადადიან...

- ხალხის ნაწილისგან შენს გარეგნობასთან დაკავშირებული ნეგატიური კომენტარები შენზე ზეგავლენას ახდენდა?

- ადამიანებისგან მსგავსი დამოკიდებულება, კომენტარები, "ჰეითი" ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს. ზუსტად ეს გახდა მიზეზი, რომ Body positivity-ს თემაზე ბევრი "სფიჩი" მქონდა. ამასთან დაკავშირებით ფოტოსესიაც მოვაწყვე... გარეგნობასთან დაკავშირებული ნეგატიური კომენტარები ჩემთვის არაფერს ნიშნავს - იმუნიტეტივითაა, რომელსაც გამომუშავება სჭირდება. მაქვს უნარი, რომ ნეგატიური კომენტარები, რასაც ყოველდღიურად ვკითხულობ, ჩემთვის სასიკეთოდ შევცვალო - საქმეში კარგად მადგება.

- გქონია პერიოდი, როცა საკუთარი გარეგნობა არ მოგწონდა?

- კი. ალბათ, ასეთი პერიოდი გარდატეხის ასაკში, მოსწავლეობისას მქონდა. მაშინ უფრო მეტად სწავლაზე მოტივირებული გახლდით. რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლე ასე არ ყოფილა: ზოგი ჩაცმის სტილს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, სკოლაში ყოველთვის განსხვავებულად, მოდურად ჩაცმული მოდიოდა. მაშინ გარეგნობა ჩემთვის პირველ ადგილზე არ იდგა. ამის გამო, ხშირად ბულინგის მსხვერპლიც გავმხდარვარ. დღევანდელი გადასახედიდან მესმის, რომ მათ ამის გაკეთება გამიზნული არ ჰქონდათ, მაშინ ბავშვები ვიყავით, მაგრამ ყველაფერი სწორედ ბავშვობიდან მოდის: გონებაში სადღაც დღემდე მაქვს ჩარჩენილი, ის ბულინგი როგორ არ მსიამოვნებდა... ამან ჩემი დამოკიდებულება ძალიან შეცვალა: თუკი მაშინ სწავლაზე ვაკეთებდი აქცენტს, შემდეგ უკვე დიდ ყურადღებას ვუთმობდი რა მეცვა, ვინმეს არ დაეცინა და ა.შ. მოკლედ, ჩემში ყველაფერი "გადატრიალდა". პირადი გამოცდილების საფუძველზე არ მინდა, რომ რომელიმე მოზარდს ისე მოექცნენ, როგორც მაშინ მე მექცეოდნენ. წინათ ასეთ თემებზე არავინ საუბრობდა. ძალიან მიხარია, რომ ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა. ვცდილობ, მსგავსი თემების განხილვაში თავადაც ყოველთვის ჩავერთო და ბევრი თინეიჯერისთვის მოტივაციის წყარო გავხდე.

- რომელიმე თანაკლასელი, ვინც გარეგნობის გამო გაბულინგებდა, დღეს შენს თაყვანისმცემლებს შორის ხომ არ არის?

- აზრზე არ ვარ. ამ თემაზე არ მიფიქრია. რატომღაც, ყოველთვის ასაკით ჩემზე უფროს ადამიანებთან ვმეგობრობდი. ახლა ჩემს თანატოლებთან არც მეგობრული და არც სხვა სახის ურთიერთობა არ მაქვს. ასე რომ, კლასელებთან, მაშინდელ მეგობრებთან კონტაქტი არ მაქვს, არც ბიჭებს შევხედრივარ არსად. ალბათ, ყურადღებაც არ მიმიქცევია, თორემ სადღაც იქნებიან - "ამოქექვა" უნდა (იცინის).

- ბოლო დროს გარეგნულად ძალიან შეიცვალე. ცვლილება რამ გადაგაწყვეტინა?

- არ გადამიწყვეტია. "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობის შემდეგ, ისე მოხდა, რომ 1 "ომიდან" გამოსული მეორე "ომში" აღმოვჩნდი - ყველამ კარგად იცის, ყოფილ შეყვარებულთან დაკავშირებულ რა ინტრიგებშიც გავიხლართე... ამ პრობლემას საკმაოდ ძლიერად შევხვდი. ჩემს ფსიქიკას და ნერვებს ახლა ვაფასებ, რადგან ალბათ, ბევრი ჩემს ადგილას საჯაროდ დღემდე არ გამოჩნდებოდა, ლოგინში ჩაწვებოდა და არ ადგებოდა... ვაფასებ მეგობრების, გარშემო მყოფების და სრულიად უცხო ადამიანების მაშინდელ მხარდაჭერას... მერე, როცა უკვე სიტუაცია ჩაწყნარდა და ჩემმა გონებამ, ორგანიზმმა აღიქვა, თუ რა გამოვიარე, პატარა დეპრესია დამემართა: ალბათ, სტრესის ფონზე გადავიღალე, ჩემი ორგანიზმი გამოიფიტა, მადა საერთოდ დავკარგე... ამ დრომდე 27კილო მაქვს დაკლებული, რაც ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. ის ადამიანი ვარ, ვინც თუნდაც, ფოტოსესიებით, სამოტივაციო მესიჯებით Body positivity-ს თემების წინ წამოწევას ცდილობდა - როგორ შეიყვარო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. არასდროს მინდოდა, გამხდარი ვყოფილიყავი. ვამბობ ხოლმე, რომ უბრალოდ სტილი, იმიჯი შევიცვალე... რაკი წონაში ძალიან სწრაფად ვიკლებდი, ვიფიქრე, სხეულის ფორმები არ დავკარგო-მეთქი და ვარჯიში დავიწყე. ასე თუ ისე, ფორმების შენარჩუნება შევძელი.

- მკერდის პლასტიკურ ოპერაციას რატომ მიმართე?

- ყოველთვის დიდი მკერდი მქონდა და ამით სულ თავს ვიწონებდი, მაგრამ წონაში რომ დავიკელი, პირველ რიგში, ეს მკერდზე შემეტყო. გული ძალიან დამწყდა - ჩემს სხეულზე ეს ცვლილება ვერ გადავიტანე და პლასტიკურ ოპერაციას მივმართე. თავადაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს დამჭირდებოდა. მკერდი არ გამიდიდებია - ბუნებრივი ზომა დავიბრუნე (იცინის).

- პლასტიკური ქირურგიით გარეგნობაში კიდევ რამე ხომ არ გაქვს შეცვლილი ან შეცვლას აპირებ?

- არა, სხვა პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია, მაგრამ თუ დამჭირდება, რა თქმა უნდა, გავიკეთებ ანუ ადამიანთა იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც ამას მალავს. მართლა სასაცილოდ არ მყოფნის - რატომ უნდა დავმალო? მსგავსი საკითხების დამალვა ყველას მიმართ დიდი უპატივცემულობა იქნება, რადგან სოციალურ ქსელში, ხალხს ყველაფერს ვუზიარებ. ბევრი დრო დამჭირდა, რომ ადამიანების ნდობა მომეპოვებინა. ამ ნდობას მხოლოდ იმიტომ არ დავკარგავ, რომ ვთქვა, - ასეთი ლამაზი გავჩნდი, არაფერი "გამიკეთებია"-მეთქი. პირიქით, ყველამ იცის, როგორიც ვიყავი - თუნდაც, შორეული ბავშვობის ფოტოებსაც ხშირად ვაქვეყნებ. ჩემთვის საამაყოა, ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავზე როგორ ვიმუშავე და შევიცვალე. მიმაჩნია, რომ როცა ადამიანი გარეგნულად იცვლები და ლამაზდები, შინაგანად კიდევ უფრო მეტი დადებითი ცვლილებები მიმდინარეობს...

- თმას როგორ უვლი?

- საერთოდ არ ვიღებავ. ჭაღარა ჯერ არ მაწუხებს. ჩემი თმის ბუნებრივი ფერი საოცრად მომწონს.პერიოდულად, თმის გასაჯანსაღებლად სხვადასხვა პროცედურას ვიტარებ. ამისთვის კონკრეტულ სალონში დავდივარ, სადაც ჩემი თმის შესახებ ყველაფერი იციან. მოკლედ, თმას შვილივით ვუვლი, რადგან როგორც ამბობენ, ქალისთვის თმა ერთ-ერთი სამკაულივითაა. რთულად მეზრდება. არ ვიცი, ზრდის დასაჩქარებლად რა საშუალება არსებობს. ძალიან გრძელი თმა სიამოვნებით მექნებოდა.

- აღნიშნე, სტილი შევიცვალეო, თუმცა წონაში დაკლებამდეც თამამი ჩაცმულობით გამოირჩეოდი. რეალურად, შენი ჩაცმის სტილში რა შეიცვალა?

- ჯერჯერობით, იმის გააზრება კიდევ მიჭირს, რომ L-დან პირდაპირ S ზომის სამოსის გამოყენებაზე გადავედი, უფრო მეტიც - ზოგჯერ XS-საც ვიცვამ. ამას მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი. რადიკალური ცვლილება ეს არის. სამწუხაროდ, დღესდღეობით დიდი ზომის სამოსის შოვნა ძალიან ჭირს. წინათ, მაღაზიაში რომ შევდიოდი და კონკრეტული სამოსი მომეწონებოდა, ჩემი ზომა არასდროს ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ კოლექციაში აუცილებლად უნდა იყოს S, M და L ზომები. ამის გამო გული მწყდებოდა... ახლა პირიქითაც ხდება ხოლმე: როცა მაღაზიაში შევდივარ, პატარა ზომის სამოსი არ აქვთ. ასე რომ, გამხდარი ადამიანების მესმის - ბევრი მათგანი თავისი ზომის ტანსაცმელს ვერ შოულობს... ასევე, რაკი მკერდი "გავიკეთე", უბრეტელებო, ზურგზე ამოჭრილ სამოსს თამამად ვიცვამ. რა თქმა უნდა, ბუნებრივი მკერდი უფრო ლამაზი და ეშხიანია, მაგრამ მაშინ წვრილბრეტელებიან ან ზურგამოჭრილ კაბებს ბიუსტჰალტერის გარეშე ვერ ვიცვამდი... მოკლედ, გარეგნობასთან ერთად, მთელი გარდერობი შევიცვალე.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ახლა ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ პირად ურთიერთობებზე. ხანდახან მეგობრებთან ვხუმრობ, - მგონი, ჯადო მაქვს გაკეთებული და მოხსნა მჭირდება-მეთქი (იცინის), რადგან ვარ ადამიანი, რომელსაც პირადის გარდა, ყველაფერში უმართლებს - საქმეში, მეგობრებში, აბსოლუტურად ყველა საკითხში... არ ვიტყვი, რომ უბედური ვარ ან მეორე ნახევარი მაკლია, - უი, დავაგვიანე-მეთქი ან რამე მსგავსი, პირიქით - ახლა ის პერიოდი მაქვს, როცა ჩემთვის სხვა რაღაცები უფრო საინტერესო და მეტად პრიორიტეტულია...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა