ახალგაზრდა მოდელმა ლოტი მოსმა სასწორზე ციფრი 60 დაინახა და გადაწყვიტა, სასწრაფოდ დაეკლო წონა. შედეგად კი რეანიმაციაში აღმოჩნდა...
მოდის სამყაროში, სადაც სილამაზე და ჯანმრთელობა ხშირად ეჯახება ერთმანეთს, ცნობილი სუპერმოდელის კეიტ მოსის უმცროსი და ლოტი კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. უკვე კლინიკაში აღმოჩენილმა გადაწყვიტა, ხმამაღლა ესაუბრა სწრაფი გახდომის საფრთხეებზე საკმაოდ პოპულარული პრეპარატის ოზემპიკის დახმარებით, რომელსაც, სამწუხაროდ, ბევრი მიმართავს.
26 წლის ლოტიმ აღიარა, რომ თავის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პრეპარატის გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც სინამდვილეში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ უნდა გამოიყენებოდეს. ოზემპიკის დაწყებიდან ორ კვირაში ლოტი კლინიკაში შეტევით მოხვდა - გაუჩერებელი პირღებინების ფონზე გაუწყლოება დაემართა. "ალბათ სიკვდილს ვამჯობინებ, ვიდრე ამ ყველაფრის ხელახლა გამოცდას..."
სულ 13-14 დღეში 52 კილოგრამამდე ჩამოვიდა, თუმცა რასაკვირველია, ეს არ იყო ჯანსაღი კლება და ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხე შეუქმნა. "სახე დამეჭმუჭნა. მთელი სხეული მიკრთოდა და მეკრუნჩხებოდა. ვერ ვამოძრავებდი ხელებს, ასე მეგონა, ძვლები დამემტვრეოდა. ეს იყო საშინელება", - ყვება ლოტი პოდკასტში, რომელიც კლინიკაში ჩაწერა.
ოზემპიკი, რომელსაც სამედიცინო სამყაროში სემაგლუტიდს უწოდებენ, მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანების დასახმარებლად სეიქმნა. თუმცა საზოგადოებაში სახელი გაითქვა, როგორც სწრაფი გახდომის საშუალებამ, მიუხედავად უდიდესი რისკებისა და გვერდითი ეფექტებისა, რომლებსაც არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა ემსხვერპლა.
მოდის და შოუბიზნესის ინდუსტრია, სამწუხაროდ, ხშირად უბიძგებს ადამიანებს სწრაფი და იოლი გახდომისკენ, ცნობილი ადამიანებიც ათასგვარ საშუალებაზე საუბრობენმ რითაც სხეულის ფორმებს ინარჩუნებენ და ხშირად შეცდომაში შეჰყავთ თაყვანისმცემლები, რომლებიც იდეალებს მისდევენ. ლოტიმ, როგორც ამ სისტემის ნაწილმა, გადაწყვიტა დუმილი დაარღვიოს.
"ყველა გამუდმებით ცრუობს გახდომის საიდუმლოებებზე საუბრისას", - კატეგორიულად ამბობს ლოტი და დასძენს, რომ მისი ამბავი გაკვეთილად უნდა იქცეს ყველასთვის, ვინც იდეალებს ესწრაფვის. "როცა გეუბნებით, რომ საშინელი გადაწყვეტილება იყო, დამიჯერეთ. გთხოვთ, არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომები", - ამბობს ლოტი, რომელიც წლებია, უფროსი დის გზას აგრძელებს და წარმატებული მოდელია.