"ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი" - სად ქრებიან ადამიანები საქართველოში
საქართველოში ყოველწლიურად ათეულობით ადამიანი იკარგება ისე, რომ მათ კვალს ვერც ოჯახის წევრები და ვერც სამართალდამცავები ვერ აგნებენ. დღეს არაერთი ადამიანი ეძებს დაკარგულ საყვარელ ადამიანს და იმის მიუხედავად, რომ მათი გაუჩინარებიდან საკმაო დროა გასული, ისინი იმედს მაინც არ კარგავენ, ცდილობენ როგორმე ხელჩასაჭიდი იპოვონ და მიაგნონ მათ კვალს. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გასული წლის სტატისტიკა დევს.
არსებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სულ 64 ადამიანი დაიკარგა, მათგან 36 მოიძებნა, სამწუხაროდ მათ შორის 6 გარდაცვლილი იპოვეს და ამ დრომდე მოსაძებნი დარჩა 28 ადამიანი. აქედან 18 წლამდე ასაკის ანუ, არასრულწლოვანი ხუთი პირია.ეს გასული წლის სტატისტიკაა და სამწუხაროდ მას მერეც გავიგეთ არაერთი ახალგაზრდის გაუჩინარების ამბავი. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა. მაგალითად 2024 წელს 114 პირი დაიკარგა, მათგან 57 მოიძებნა, მაგრამ დღემდე 42 იძებნება. მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი, ხოლო 18 პირი 25-დან 45 წლამდე ასაკის არის. სტატისტიკის მიხედვით, 1973 წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით საქართველოში სულ დაიკარგა 6747 ადამიანი და ამ დრომდე მოსაძებნი დარჩა 1024 ადამიანი. დაკარგულთა უმეტესობა 25- დან 45 წლამდე ასაკისაა. 66 პროცენტი კაცია, 34პროცენტი კი ქალი. დაკარგული 1024 ადამიანიდან 37 არასრულწლოვანია.
იმის მიუხედავად, რომ დრო გაურკვევლობაში გადის, უმძიმესი მდგომარეობაშია დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები, ისინი მაინც იმედს ებღაუჭებიან და აქვთ იმის მოლოდინი, რომ დაკარგულ საყვარელ ადამიანს იპოვიან. როგორც ცნობილია, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება სასამართლოს გზით ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას, სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსს ანიჭებს. იმ შემთხვევაში, თუკი დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდება, ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა მოხდება, სასამართლოს გადაწყვეტილება უქმდება. გააგრძელეთ კითხვა












