ქართველობა ვინ უნდა დამაკარგვინოს? არ არსებობს ეგეთი რამე – სტუდენტი, რომელიც გერმანიაში მუშაობს
20 წლის დესი სახვაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ბიზნესის მიმართულებაზე მენეჯმენტს სწავლობს.
წელს პირველად ისარგებლა სტუდენტური დასაქმების პროგრამით და ორი თვით გერმანიაში წავიდა სამუშაოდ.
„უვიზო მიმოსვლის გამო ვიზაზე წვალება არ დამჭირდა. საბუთების შეგროვება ყველაზე ადვილი იყო. სტუდენტური დასაქმებისთვის გჭირდება რა თქმა უნდა, ბიომეტრიული პასპორტი, ცნობა უნივერსიტეტიდან, რომელზეც თანხა არ გეხარჯება. ასევე იმატრიკულაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაუგზავნო დამსაქმებელს. იმატრიკულაციაში მითითებულია რა პერიოდიდან რა პერიოდამდე გაძლევს უნივერსიტეტი უფლებას, რომ წახვიდე სხვა ქვეყანაში და იმუშაო“, – უყვება „ბათუმელებს“ დესი სახვაძე.
დესის თქმით, გერმანიაში სტუდენტური დასაქმების პროგრამით წასვლა სამი მიზეზის გამო გადაწყვიტა – უნდოდა უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება მიეღო, მიეღო ენის პრაქტიკა და ასევე ჰქონდა ფინანსური ინტერესიც.
„სტუდენტები აქ სამუშაოდ, პირველ რიგში, ფინანსური სარგებლის მისაღებად მოდიან. სტუდენტური ცხოვრება არცერთ ქვეყანაში არ არის მარტივი და მით უმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაში. აქ აღებული ხელფასი დიდი დახმარებაა.
მე, პირადად, ვგეგმავ გერმანიაში აღებული ხელფასით უნივერსიტეტის სწავლის თანხა გადავიხადო – არ მინდა საქართველოში სწავლის პარალელურად ვიმუშაო და მერე ამის გამო ლექციებს ვერ დავესწრო.
თუმცა მარტო ფინანსური სარგებლისთვის არ წამოვსულვარ. ენის შესწავლაც მინდოდა. ინგლისური ვიცი კარგად. სამწუხაროდ, ინგლისურის გარდა სხვა ენა არ ვიცოდი, დავიწყე მასწავლებელთან გერმანულში მომზადება. აქ რომ ჩამოვედი უკვე ბუნებრივ გარემოში მიწევს კომუნიკაცია და ეს ძალიან მეხმარება,“ – ამბობს დესი სახვაძე.
დესი სახვაძემ ორთვიანი სტუდენტური სამუშაო სარესტორნო სფეროში იპოვა, სადაც მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საათში 13 ევროა.
დესის თქმით, მას რესტორანში მუშაობის გამოცდილება საქართველოშიც ჰქონდა. დილის ცხრიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობდა და დღიური ანაზღაურება 30 ლარი იყო.
„უვიზო მიმოსვლა რომ გაუქმდეს, ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვის, სტუდენტებისთვის. თუ სხვა ქვეყანაში არ წახვალ, გამოცდილებას ვერ შეიძენ. სტუდენტისთვის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, მიიღოს იმ პროფესიის ირგვლივ მაქსიმალური ინფორმაცია, რომელსაც ეუფლება. სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად სხვაგან იცხოვროს, საერთაშორისო კონფერენციებსა და მოკლევადიან სტაჟირებებში მიიღოს მონაწილეობა.
ეს ყველაფერი შეიძლება ვერ მოგცეს შენი ქვეყნის უნივერსიტეტმა. ჩვენი განათლების სისტემას თუ გადავხედავთ ასეა – განათლებაში იხდი კოლოსალურ თანხას, რასაც არ უნდა იხდიდე წესით. იმიტომ, რომ ჩვენი უნივერსიტეტები უფრო ორიენტირებულები არიან, რომ ჩვენგან, სტუდენტებისგან რაღაც სარგებელი ნახონ.
ვიზალიბერალიზაცია სტუდენტებს ზუსტად ამაში გვეხმარება, უვიზოდ ვიაროთ ევროპაში, ვიმუშაოთ ან მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობით გამოცდილება შევიძინოთ. გაცვლითი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასე ეცნობი ქვეყანას, უნივერსიტეტს. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა რასაც გაძლევენ საზღვარგარეთ უნივერსიტეტები ან მოკლევადიანი პროგრამები, არის უფრო ხარისხიანი, ვიდრე საქართველოში,“ – ამბობს დესი ჩახვაძე.
როგორ იმოქმედებს უვიზო მიმოსვლის გაუქმება სტუდენტურ დასაქმებაზე? – ვკითხეთ სტუდენტს.
„პირველ რიგში არ გვექნება საშუალება, თუნდაც ფინანსური სარგებლის მისაღებად წამოვიდეთ სხვა ქვეყანაში, რაღაც გამოცდილებები შევიძინოთ ან ენა შევისწავლოთ.
სამომავლოდ განვითარების პერსპექტივას შეგვიზღუდავს. საქართველოში ფართო ბაზარი ცოდნის მიღების არ არის.
ეგრე თუ მოხდა, ბაზა შეგვეზღუდება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ.
რაღაც უფრო მეტი შევისწავლოთ. რაც მერე მომავალზეც ცუდად აისახება, რადგანაც ნაკლები პროფესიონალი იქნება ჩვენს ქვეყანაში. თუნდაც მედიცინა ავიღოთ, რაც უფრო ნაკლებ ინფორმაციას მიიღებ, უფრო ნაკლები იცი იმ სფეროსთან დაკავშირებით და პროფესიონალად ვერ ყალიბდები.
მედიცინა ისეთი რამაა, მარტო საქართველოში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით ვერ განვითარდები,“ – ამბობს დესი ჩახვაძე.
სტუდენტის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოება მიხვდეს, რომ ევროპის დემონიზება პროპაგანდის ნაწილია და არაფერი აქვს მას საერთო სიმართლესთან.
„ევროპაში წასვლა ამ ხალხს მარტო ის ჰგონია, რომ ზაფხული მოვიდა, დასვენება გვინდა ორი დღით, ან ერთი კვირით გარეთ გასვლა. არა, ეგ არ არის მარტო ევროპაში წასვლა.
თუნდაც სხვა უნივერსიტეტებში გაცვლითით წასვლა, თუნდაც სტუდენტური დასაქმებები, ეს ყველაფერი არის ევროპასთან კავშირში. ამ წუთას გერმანიაში ვარ და ვმუშაობ. უვიზო რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი.
უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, ყველაფერი შეგვეზღუდება. უფრო მეტ ფინანსურ რესურსთან იქნება დაკავშირებული ყველაფერი. თუნდაც ვიზის ასაღებად უფრო მეტი საბუთის მოძიება დაგჭირდება.
სტუდენტი აქ მოდის ანაზღაურებისთვის, რომ მერე ის თანხა საქართველოში გამოიყენოს საჭიროებებისთვის. თუ საბუთებში დიდი თანხის გადახდა მოუწევს, წარმოიდგინეთ ახლა რა თანხა უნდა გამოიმუშაოს სტუდენტმა ორ-სამ თვეში იმდენი, რომ ის ხარჯებიც გადაფაროს და რისთვისაც სჭირდება თანხა, იმისთვისაც ეყოს? მე, პირადად, გერმანიაში ჩამოსასვლელად არ დამიხარჯავს დიდი თანხა, საბუთებიც ადვილად შევაგროვე, მაგრამ ვიზის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯები გაიზრდება,“ – ამბობს დესი სახვაძე.
დესის აქვს იდეა, როგორ უნდა ებრძოლოს საზოგადოება პროპაგანდას, რომელიც ევროპის იდეის დაკნინებით არის მოცული.
„ჩემი აზრით, ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს ხალხის მენტალიტეტი – ევროპას და ევროპულ მომავალს რომ ახსენებ, ყველა იწყებს საუბარს „მორჩა, ქართველობას დავკარგავთ, იქ გეები ცხოვრობენ, მორჩა!“ – რეალურად არაა ასე.
პროპაგანდა ისე ატრიალებს ყველაფერს, რომ თითქოს ევროპა ცუდია.
ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ? ვაჩვენოთ დადებითი მხრიდან რა ხდება ევროპაში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩვენზე ბევრად წინ არიან წასული ნებისმიერ სფეროში და ჩვენზე განვითარებულები არიან. რატომ არიან ასე? ე.ი. არ არის აქ ცუდი. თუნდაც ინფრასტრუქტურა, თუნდაც ტრანსპორტი – ნებისმიერი მნიშვნელოვანი სფერო რომ ავიღოთ, ევროპა არის ჩვენზე წინ.
აქვთ ისეთი პოლიტიკა, რაც კარგად მუშაობს. და ეს დადებითი რაღაცები რომ გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში.
მე ჩამოვედი გერმანიაში, ორი თვე ვაპირებ აქ ცხოვრებას, საქართველო როგორ მიყვარს და მენატრება, არ ვიცი. სხვა ქვეყანაში რომ ვარ უფრო ვაანალიზებ, რომ უფრო პატრიოტი ადამიანი ვარ. ქართველობა ვინ უნდა დამაკარგვინოს?
არ არსებობს ეგეთი რამე, წარმოუდგენელია.
რესტორანში ვმუშაობ და ვხედავ, როგორ შემოდიან ასაკოვანი ადამიანები სასადილოდ.
მე რომ დავბერდები მინდა, რომ ასე ვიცხოვრო, როგორც ესენი ცხოვრობენ – რესტორანში სადილობენ, ვახშმობენ, დიდ თანხებს ტოვებენ, ლაღად ცხოვრობენ. პრობლემები ყველა ქვეყანას და ყველა ადამიანს აქვს.
მაგრამ განვითარებულია ეს ქვეყანა. ამ ქვეყანაში დაბერების არ ეშინიათ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ სიბერეში მწვანილის გაყიდვა მოუწევთ, რომ მერე შვილებს ან შვილიშვილებს საჭმელი აჭამონ.
ჩემი თანატოლებისადმი გზავნილი იქნება, რომ აუცილებლად შეხედონ რა არის ევროპის დადებითი მხარეები და ეს დადებითი მხარეები გამოიყენონ თავიანთ სასარგებლოდ, რომ განვითარდნენ ნებისმიერ სფეროში. მაქსიმალურად გამოიყენონ ახალგაზრდული წლები.
შანსები რაც ეძლევათ, მაქსიმალურად გამოიყენონ.
ევროპული მომავალი აირჩიონ და არ დაუჯერონ სტალინის თაობას, არ აჰყვნენ პროპაგანდას, რომ ქართველობას დაკარგავ თუ ევროპაში წახვალ, ერთი კვირა იმოგზაურებ ან ორი თვე დასაქმდები“.












