უნიკალური ოპერაცია - ცოცხალი ჭია ადამიანის თვალში, რომლის ორგანიზმში მოსახვედრად შესაძლოა მწერის ერთი ნაკბენიც საკმარისი აღმოჩნდეს
იშვიათი დილოფილარია ექიმებმა პაციენტის თვალის ბუდიდან ამოიყვანეს.
თეორიული ცნობებით, ეს პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში დასნებოვნებული მწერის ნაკბენით ხვდება, ძირითადი გადამტანი არის კოღო. ჰელმითები მიგრირებენ კანქვეშა ქსოვილებში და მათი მაქსიმალური სიგრძე შეიძლება იყოს 17 სანტიმეტრი.
მიუხედავად იმისა, რომ თვალში წარმოქმნილი კაფსულური წანაზარდი ძალიან ჰგავდა სხვა დაავადებასაც, ექიმმა ეჭვი მაინც იშვიათი პარაზიტის შემთხვევაზე მიიტანა და მართალი აღმოჩნდა.
უნიკალურ ოპერაციას წინ რამდენიმე კვირით უსწრებდა ექიმის მიერ მომზადებული სტატია სწორედ დილოფილარიის ჰელმითებზე, როგორც უიშვიათეს კლინიკურ შემთხვევაზე.
დამუშავებულმა სტატიამ ექიმს დიაგნოზის დასმა გაუმარტივა, მაგრამ ყველაზე მეტად გამართლება აღმოჩნდა პაციენტისთვის.
ცუდი შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო - თვალის დაკარგვა ან კიდევ უარესი - ლეტალური გამოსავალი, თუ მოხდებოდა პარაზიტის მიგრაცია თავის ტვინში ან გულსისხლძარღვთა სისტემაში, თუმცა საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა უნიკალური, თითქმის 2 საათიანი ოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ პაციენტს თვალიც შეუნარჩუნეს და მზერაც.
ეს შემთხვევა დილოფილარიის ჰელმითების იშვიათი, მაგრამ რეალური შემთხვევების სტატისტიკას შეემატა. ამ შემთხვევის შესახებ ასწავლიან სტუდენტებსაც და იქნება მაგალითი, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, მწერის ნაკბენიც შეიძლება მძიმე გართულებების მიზეზი გახდეს.











