იზრდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი და რამდენს იხდით ახლა.
დღეს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს – სექტორში საჭირო ინვესტიციები და ბაზარზე არსებული ძვირი ენერგია – ასეთია მარეგულირებელი კომისიის არგუმენტი.
მარეგულირებელი კომისია ახლა ითვლის, რამდენი თეთრით მოხდება დენის გაძვირება და საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
დავით ნარმანია „საქმის კურსთან“ განმარტავს, რომ უკვე ჩატარდა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ხარჯების აუდიტი, რომლის საფუძველზეც მარეგულირებელმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარით შეამცირა მათი ხარჯების მოცულობა, რაც არ იქნება გათვალისწინებული ტარიფის დაანგარიშების დროს.
„ტარიფზე გავლენას ახდენს საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. ამ მიზნით შევათანხმეთ ახალი საინვესტიციო პროექტები და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონებში 1.5 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისათვის, რომ გამოიცვალოს მოძველებული საყრდენი ბოძები თუ გადამცემი ხაზები. ასევე მოწესრიგდება ქვესადგურები და ტრანსფორმატორები. დედაქალაქში ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება ასევე „თელასის“ ქსელში“, – აცხადებს დავით ნარმანია.
მისი თქმით, მეორე ფაქტორი, რაც დღეს ტარიფებს განსაზღვრავს ბაზარზე არსებული ძვირი ენერგიაა, რომელიც გაზრდილი მოთხოვნის გამო ჯამურ მაჩვენებლებში სულ უფრო დიდ წილს იკავებს.
„ის შედარებით იაფიანი წყაროები, რაც ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის მიმართულებით (მაგალითად, „ენგურჰესის“ ან ასევე რამდენიმე საშუალო ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია) სულ უფრო მცირდება გაზრდილ მოხმარებაში. გაზრდილი მოხმარების პირობებში იაფიანი ენერგიის ადგილს იკავებს სხვა შედარებით უფრო ძვირიანი ენერგია. მათ შორისმ ეს იქნება ადგილზე გამომუშავებული, ვთქვათ, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით მიღებული ენერგია, თუ იმპორტირებული ენერგია, ან იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე გამომუშავებული ელექტროენერგია“, – განმარტავს დავით ნარმანია, რომელიც მიიჩნევს, რომ გენერაციის ობიექტების, მათ შორის მეტი წყალსაცავიანი ჰესის მშენებლობა უნდა დაჩქარდეს.
კითხვაზე არიან თუ არა მზად კომპანიები დაანონსებული 2 მილიარდიანი ინვესტიცია ჩადოს სექტორში, დავით ნარმანია ამბობს, რომ კომპანიებმა საინვესტიციო აქტივობის მზაობა წარმოდგენილ სატარიფო განაცხადებში ასახეს. სემეკთან შეთანხმდა განვითარების 5 წლიანი გეგმაც.
„კომპანიების მზაობა არის, ისინი როგორც საკუთარი რესურსებიდან, ასევე სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებიდან მოზიდული რესურსებით განახორციელებენ აღნიშნულ საინვესტიციო პროექტებს“, – ამბობს ნარმანია.
დღისათვის საქართველოში საფეხურებრივი ტარიფი მოქმედებს. თბილისში, იმ მომხმარებლებისთვის ვინც 101 კვ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს ტარიფი 15 თეთრია, 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით დაახლოებით, 19 თეთრი, 301 კვტ.სთ-დან – 23.5 თეთრი. მცირე საწარმოებისთვის კი დაახლოებით, 30 თეთრი.
რეგიონებში ტარიფები 14.7 თეთრიდან იწყება და 27.9 თეთრამდე ადის. მცირე საწარმოებისთვის რეგიონებში ტარიფი 28.9 თეთრია.












