როგორ ინგრევა მსოფლიო წესრიგი და რა ელის საქართველოს?
დღეს ვხედავთ "წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის" ნგრევას, სადაც მრავალმხრივი დიპლომატია ადგილს უთმობს "დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას". ფაქტია, ამ პროცესის მთავარი კატალიზატორი ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხაზია - თუკი ადრე ნატო ან ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ურყევ მოცემულობად ითვლებოდა, დღეს ისინი "კლიენტურ" დამოკიდებულებებად იქცა, სადაც უსაფრთხოების გარანტიები პირდაპირპროპორციულია პარტნიორის მიერ გაღებული კონტრიბუციისა. საერთაშორისო წესრიგის ეს ეროზია ნათლად ჩანს ტრამპის დამოკიდებულებაში უკრაინის ომის მიმართ, სადაც ის აქცენტს აკეთებს არა აგრესორის შეკავებაზე, არამედ რესურსების ოპტიმიზაციაზე. ევროპა კი იძულებულია გამოვიდეს ათწლეულების განმავლობაში "გაზულუქებული" მდგომარეობიდან, რასაც აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა უზრუნველყოფდა. ევროპული ქვეყნების მიერ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის სასწრაფო გადაფასება იმის აღიარებაა, რომ ამერიკული "ლიბერალური ჰეგემონია" დასრულდა და მსოფლიო მულტიპოლარულ ანარქიულ სისტემაში გადავიდა.
- ამ ახალ რეალობაში გრენლანდიის საკითხიც კი, რომელიც ერთი შეხედვით აბსურდულად ჩანდა, სინამდვილეში კლასიკური რეალიზმის გამოვლინებაა. ტრამპის სურვილი, იყიდოს ან გააკონტროლოს ეს ტერიტორია, პირდაპირ ეხმიანება მე-19 საუკუნის იმპერიალისტურ ლოგიკას, სადაც ტერიტორიის სტრატეგიული მდებარეობა და რესურსები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოკავშირეების სუვერენიტეტი.
ეს არის სიგნალი, რომ არქტიკა ხდება დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ახალი ფრონტი, სადაც საერთაშორისო სამართალი უკან იხევს გეოპოლიტიკური ინტერესების წინაშე. ანალოგიური სიხისტე იკვეთება ვენესუელას საკითხშიც, სადაც ვაშინგტონი აღარ ერიდება მკაცრი ძალითა და ეკონომიკური იზოლაციით რეჟიმების მართვის მცდელობას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მსოფლიოში ძალისმიერი დიპლომატიის ეპოქა დაბრუნდა. ამას ემატება ირანის საკითხი, რომელიც ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე, კაცმა არ იცის, როგორ მოგვარდება. ფაქტობრივად, ანარქიულ სამყაროს ვიღებთ, სადაც მთავარი ინსტრუმენტი არა წესები, არამედ ძალა ხდება,
რა ბედი ელით მცირე ქვეყნებს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
- ე.წ. წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი ნელ-ნელა იშლება. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესს ხელს უწყობს თავად მისი შემქმნელი - შეერთებული შტატები, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში შექმნა ეს სისტემა და მსოფლიოს მეტ-ნაკლები სტაბილურობა შესძინა. დღეს იკვეთება ორი გზა: იქნება ბიპოლარულობა, ანუ ჩინეთისა და აშშ-ის დომინირება, თუ სისტემა უფრო მულტიპოლარული გახდება, სადაც ამ ორ ქვეყანასთან ერთად ისეთი სახელმწიფოებიც იქნებიან, როგორიცაა რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სხვა - წაიკითხეთ ვრცლად












