რა საშინელებაა ,გაირკვა რამ მოწამლა ახლაგაზრდა ქალი რამაც გარდაცვალება გამოიწვია.
ახალგაზრდა ქალი, თამუნა გოდერძიშვილი გუშინ, 24 მარტს დაკრძალეს რუსთავში. ის სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა. მასთან ერთად მოიწამლა მისი შვილი და მეუღლე, გიორგი საჩეჩელაშვილი. ისინი რუსთავიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებათ. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ფაქტი გურჯაანის სოფელ კარდენახში მოხდა, თუმცა ამ ინფორმაციას ადგილობრივები არ ადასტურებენ. მათი თქმით, ფაქტი რუსთავში მოხდა.
დაკონსერვებული წიწაკები უჭამიათ და იმით მოიწამლნენ. თამუნა გარდაიცვალა. როგორც გავიგე, მისი ქმარი, გიორგი კლინიკაშია ინტოქსიკაციით. არ ვიცი რატომ ითქვა, რომ გურჯაანში მოხდა ეს ფაქტი. გურჯაანის სოფელ კარდენახიდან არის გიორგი საჩეჩელაშვილი, მან შეირთო ეს გოგო ცოლად, თამუნა არის რუსთავიდან და როგორც ვიცი, ფაქტი რუსთავში მოხდა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი,”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
ჩვენ გურჯაანში კიდევ ერთ ადგილობრივთან გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, ისიც ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს ისინი გურჯაანის კლინიკაში შეიყვანეს.
“ითქვა, რომ თითქოს კარდენახში მოხდა ეს ფაქტი და ჯერ გურჯაანი ფიგურირებდა, რაც არ არის სიმართლე. აქ არ მომხდარა. რაც გავიგე, ოჯახი დროებით არ იყო კარდენახში. გიორგი არის კარდენახიდან. ამბობენ, მეზობელს უჩუქებია სახლში დაკონსერვებული წიწაკის კონსერვი, რითაც მოიწამლნენ. გვიან მიაკითხეს სამწუხაროდ კლინიკას და გოგო გარდაიცვალა, მისი შვილი და ქმარი კლინიკაშია გადაყვანილი. ეტყობა კონსერვი ბოტულიზმის ტოქსინს შეიცავდა და ამ გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეტი სხვა დეტალი არ ვიცით. როგორც შევიტყვეთ გიორგი დღეს გონზე მოსულა. იმ გოგოს შვილიც რეანიმაციაშია, ინფექციურშიო. რაც გავრცელდა ინფორმაცია, იქ ფაქტები იყო დამახინჯებული”, -ამბობს ჩვენთან ადგილობრივი.
ინფექციურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ გარდაცვლილი თამუნა გოდერძიშვილი მათ კლინიკაში არ მოხვედრილა. გოდერძიშვილი რუსთავში, კლინიკაში გადაყვანეს მძიმე მდგომარეობაში და სამწუხაროდ იქ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხოლო მისი არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე რეანიმობილით თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ოთხშაბათს გადმოიყვანეს და მას შემდეგ კლინიკაში რჩებიან. ყველაფერი გაკეთდა მათ გამოსაჯანმრთელებლად. კლინიკაში გვითხრეს ისიც, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თამუნა გოდერძიშვილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. მომხდარს ძალიან განიცდიან ახლობლები და თვლიან, რომ კლინიკაში გოგოს მიყვანა დაგვიანდა.
“თამუნა ძალიან კარგი გოგო იყო. ორი შვილის დედა, მისი ბიჭი ახლაც კლინიკაშია, ძალიან მძიმედ იყო ბავშვი. სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ, დაკონსერვებული და ამით მოიწამლნენ. სამწუხაროდ თამუნა ვერ გადაარჩინეს. ეტყობა დაგვიანდა სასწრაფოს გამოძახება. ეს არ უნდა მომხდარიყო. ამ გოგოს არაფერი დაუშავებია, სუფთა გულის გოგო იყო, ძალიან თბილი, საყვარელი. კეთილი გულის ადამიანი. მაგრამ სამწუხაროდ სიკვდილს ვერსად გავექცევით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა გული. ასეთი ახალგაზრდა იყო და 12 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ორი საკეისრო, მერე ჩიყვი და სხვა ოპერაციებიც გაიკეთა, ამდენი რამე გადაიტანა და ბოლოს ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის იმის გააზრება, რომ ჩვენს გვერდით არ იქნება. თამუნამ ბევრი გამოიარა ცხოვრებაში, მაგრამ თავის შვილების გულისთვის იბრძოდა, ძალიან ძლიერი გოგო იყო. თავისი შრომით შეიძინა ბინა რუსთავში და იქ ცხოვრობდა შვილებთან ერთად. ორი შვილი ჰყავს, გოგონა მცირეწლოვანია. მერე გაიცნო სოფელ კარდენახიდან ის მამაკაცი, გიორგი და მასთან მეორე ოჯახი შექმნა. იმ მამაკაცისთვისაც მეორე ქორწინება იყო. მასთან შვილი არ ჰყავს. ძალიან განვიცდი, რომ მისი ორი ბავშვი დედის გარეშე უნდა გაიზარდოს. ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა მის დედას. არაჩვეულებრივი ქალია დედამისი, ოთხი გოგონა გაზარდა და ახლა ამ მწარე რეალობის წინაშეა, თამუნა არ ჰყავს. ხუთშაბათს, დილით გავიგე ეს მძიმე ამბავი. მისი 12 წლის გიორგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ინფექციურშია თბილისში და გვაიმედებენ, რომ ბავშვი გადარჩება. ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი საშიში თუ იყო მოხუფული წიწაკა” – ამბობს ჩვენთან საუბარში თამუნა გოდერძიშვილის ნათესავი. როგორც ირკვევა, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ექსპერტიზით გაირკვევა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. გარდაცვალების მიზეზად ინტოქსიკაცია განიხილება. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ვუსამძიმრებთ თამუნა გოდერძიშვილის ოჯახს მომხდარ ტრაგედიას.












