ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს
გასული წლის 24 ოქტომბერს აბაშაში უმძიმესი ავარია მოხდა, რომელსაც ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში ბაჩო მეუღლესთან ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა. წყვილის ტრაგიკულმა ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა. ლიკა ორი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მან ცოტა ხნის წინ ნოე სულაბერიძესთან მეუღლეზე, მათი გაცნობის ისტორიაზე და იმ დიდი ტრაგედიაზე ისაუბრა, რაც მათ გადახდათ. ინტერვიუს უამრავი კომენტარი მოჰყვა, ლიკა კი ამ კომენტარის ავტორებს გამოეხმაურა.
ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი ბრძოლა იყო. ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, ეს იყო ჩემი თავის დაძლევა, ჩემი ტკივილების წინაშე დადგომა და მაინც საუბარი, მაგრამ ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით, მსგავსი სახის კომენტარებს დამიწერდით და პირადშიც მომწერდით – “ვაიმე, სახელი და გვარი რომ არ წამეკითხა, ვერც ვიცნობდი ამ გოგოსო”, “ვაიმე, ეს ის გოგოა, როგორ შეცვლილა”, “ვაიმე, დარდისგან როგორი დაბერებულია”, “ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე”.
ვიცი, რომ ამ კომენტარებს ცუდი მიზნით არ მიწერთ და ვიცი, რომ გული შეგტკივათ ჩემ ტრაგედიაზე, მაგრამ მე რომ საკმარისზე მეტი ძალა არ მქონდეს, ალბათ ამ კომენტარების და პირადში მოწერების გამო თუ როგორი დაბერებული და შეცვლილი ვარ, ალბათ მთელი ცხოვრება სახლში ჩავიკეტებოდი. საერთოდ, როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ და მყარად ვდგავარ ფეხზე, იმ ყველაფრის მერე, რაც მე გადავიტანე?
თმა კიდე ჩემი ნებით არ შემიჭრია, გადამპარსეს როცა სიკვდილს ვებრძოდი და თავში იმპლანტი ჩადეს, რომ გაეკონტროლებინათ ყველაფერი, და ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატომ არ გიკვირთ? მე ორი თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში, რადგან ხერხემლის მალები მქონდა დაზიანებული, და ჩემი პატარა, უშნო მოძრაობის გამო შეიძლება ხერხემლის ძვლის ტვინი დაზიანებულიყო, რის შედეგად დღეს ხეიბარი ვიქნებოდი. ექიმებსაც კი უკვირთ, როგორ გადავურჩი ამ ყველაფერს, და თქვენ ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? თქვენ არიყო ჩემს გადარჩენაზე რომ ლოცულობდით? რა გეგონათ ისევ იმ გარეგნობის ლიკა დაგხვდებოდათ? რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ? მაგას ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ, და უბრალოდ ასქროლოთ პოსტი.
კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ ადამიანები როგორც კარგ კომენტარებს ასევე ცუდ კომენტარებსაც დაწერდნენ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გარეგნობაზე გაამახვილებდით ყურადღებას.
მადლობა ღმერთს, რომ სიცოცხლე მაჩუქა და მადლობა თქვენ ვინც ჩემზე ლოცულობდით. მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო, და მასაც ებრძოლა ჩემსავით. ისიც შეცვლილი ყოფილიყო, არ ჰქონოდა ფეხი, არ ჰქონოდა ხელი, მაგრამ ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ოღონდ ყოფილიყო ესუნთქა და ეცხოვრა ჩვენთან ერთად” – წერს ლიკა კუჭუხიძე.











