ENews.Ge ახალი ამბები

მამაკაცზე, რომელსაც მეუღლის შვილიშვილის გაუპატიურება ედება ბრალად, ახალი ინფორმაცია ვრცელდება



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაკავებული მამაკაცის შესახებ, რომელიც ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელია და რომელსაც ბრალად უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურება და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ბრალდება,  განცხადებას ავრცელებს.

სტუ აღნიშნავს, რომ მას შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვა სახის სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა.-ს დაკავების ფაქტს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევას და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემზარავი ქმედებები თავისი არსით ეწინააღმდეგება ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობის და ადამიანური ურთიერთობების ძირითად საფუძვლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და მიუკერძოებელი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან საქმის ყოვლისმომცველი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.

უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ზ.ა.-ს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სამართლებრივი პროცესების დაწყებისთანავე, შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

ამასთანავე, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, დისკრიმინაცია ან არაეთიკური ქცევა თუ ქმედებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს, სამოქმედო პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეებში დამკვიდრებულ და ფუნდამენტურად აღიარებულ ნორმებს; თუმცა აქვე დასძენს, რომ შეუძლებელია ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის (პროფესორი, მეცნიერი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, სტუდენტი) პირადი ცხოვრების შესახებ.

უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ამასთან ერთად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია და აქვე აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით”, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლის შვილიშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა. ასევე უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეუღლის შვილიშვილების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, ჩადენილი არასრულწლოვანის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ) (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა