"მშობლების საყურადღებოდ! 13-16 წლის მოზარდები უნებართვოდ აღწევენ მატარებლების ლოკომოტივების მართვის კაბინებში" - გაფრთხილება საზოგადოებას
"ბოლო დროს განსაკუთრებით საყურადღებოა არასრულწლოვანთა მხრიდან სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე თვითნებური შეღწევისა და სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედებების შემთხვევები" - ამის შესახებ მოქალაქე ლუკა გაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, 13-16 წლის მოზარდები უნებართვოდ აღწევენ მატარებლების ლოკომოტივების მართვის კაბინებში, მეტროს სამსახურებრივ სივრცეებში, ასევე ადიან სატვირთო ვაგონების სახურავებზე, გადაადგილდებიან ვაგონებს შორის და ახორციელებენ სხვა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ქმედებებს.
"მშობლების საყურადღებოდ!
მშობლებო, სად ხართ და რას აკეთებთ თქვენი შვილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
ბოლო დროს განსაკუთრებით საყურადღებოა არასრულწლოვანთა მხრიდან სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე თვითნებური შეღწევისა და სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედებების შემთხვევები.
13-16 წლის მოზარდები უნებართვოდ აღწევენ მატარებლების ლოკომოტივების მართვის კაბინებში, მეტროს სამსახურებრივ სივრცეებში, ასევე ადიან სატვირთო ვაგონების სახურავებზე, გადაადგილდებიან ვაგონებს შორის და ახორციელებენ სხვა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ქმედებებს.
მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ თავად არასრულწლოვანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, არამედ საფრთხის წინაშე აყენებს სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებასაც.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მგზავრები და თვითმხილველები სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებენ აღნიშნულ ფაქტებს.
მოვუწოდებთ მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს:
1. დაინტერესდნენ შვილების სოციალური ქსელებით, განსაკუთრებით TikTok-ით, ასევე მათი ფოტო და ვიდეოგალერეებით, რათა დროულად გამოავლინონ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე სახიფათო ქმედებების ამსახველი მასალები.
2. გააკონტროლონ, ხომ არ ფლობენ არასრულწლოვნები მატარებლების ან სარკინიგზო ობიექტების გასაღებებს, რომლებიც შესაძლოა უკანონოდ ან უნებართვოდ ჰქონდეთ მოპოვებული.
3. ასეთი გასაღებების აღმოჩენის შემთხვევაში არ დაუშვან მათი გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სარკინიგზო სამსახურს ან სამართალდამცავ ორგანოებს.
4. აუხსნან შვილებს, რომ სარკინიგზო ობიექტებზე უნებართვო შეღწევა, მოძრავ ან გაჩერებულ ვაგონებზე ასვლა და ვაგონებს შორის ყოფნა წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშ ქმედებას.
ასევე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს და არ დატოვონ საფრთხის შემცველი შემთხვევები რეაგირების გარეშე.
გახსოვდეთ: ერთი დაუფიქრებელი მოქმედება, შესაძლოა, ტრაგედიით დასრულდეს.
მშობლის პასუხისმგებლობა მხოლოდ ბავშვის აღზრდით არ შემოიფარგლება, ის მისი უსაფრთხოებისთვის ზრუნვასა და შესაძლო საფრთხეების პრევენციასაც გულისხმობს.
ნუ დაველოდებით უბედურ შემთხვევას, დროული რეაგირება შესაძლოა, ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა აღმოჩნდეს!" - წერს ლუკა გაზაშვილი.











