ქორწინების გარეშე სექსის გამო, ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ გაამათრახეს -100 დარტყმის შემდეგ ქალმა გონება დაკარგა (მძიმე კადრები)
ინდონეზიის აჩეს პროვინციაში ქალმა გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც ის და მისი პარტნიორი საჯაროდ გაამათრახეს.
შემთხვევა ქალაქ ბანდა ასეჩში, სუმატრას კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. შარიათის კანონების საფუძველზე, იქ სასტიკად იკრძალება ქორწინებამდე რაიმე სახის ინტიმური კავშირი. ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა წყვილს ქორწინების გარეშე ჰქონდათ სექსი, სასჯელაღსრულების წარმომადგენლებმა ისინი საჯაროდ გაამათრახეს.


თითოეული 100-ჯერ გაიროზგა. ახალგაზრდა ქალმა ტკივილის შედეგად გონება დაკარგა და მისი “სცენიდან“ გაყვანა საკაცით გახდა საჭირო.


მედიაში ვრცელდება დემონსტრაციული დასჯის ამსახველი ფოტოები - ჯალათს მთლიანად ყავისფერი ტანსაცმელი აცვია და თეთრი ნიღაბი უკეთია. დამსწრე საზოგადოება კი მშვიდად ადევნებს მომხდარს თვალს.


გარდა აღნიშნულისა, შარიათის კანონის დარღვევისთვის იმავე დღეს სხვა წყვილებიც დასაჯეს.
Banda Aceh Sharia Court-ისა და პროკურატურის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა დარღვევისთვის მოქალაქეებს 25-დან 100-მდე დარტყმა მიაყენეს. საქმეები მოიცავდა როგორც ქორწინების გარეშე სექსუალურ ურთიერთობას, ისე გაცნობის აპლიკაციების გამოყენებით ორგანიზებულ შეხვედრებს.


აჩე ინდონეზიის ერთადერთი რეგიონია, სადაც მუსლიმური შარიათის კანონები მოქმედებს. ამ კანონების მიხედვით, დაუქორწინებელ წყვილებს სექსუალური ურთიერთობა ეკრძალებათ.
-
მათრახით დასჯა გამოიყენება ისეთი ქმედებებისთვისაც, როგორებიცაა აზარტული თამაშები, ალკოჰოლის მიღება, ჰომოსექსუალური ურთიერთობა და ქორწინების გარეშე სექსი.
ყველაზე მძიმე სასჯელი ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე ვრცელდება - კანონი 200-მდე დარტყმას, 200 თვემდე პატიმრობას ან ორი კილოგრამი ოქროს ღირებულების ჯარიმას ითვალისწინებს.
სასჯელები საჯაროდ სრულდება, რადგან მიზანი არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მიყენება, არამედ დამცირებაცაა.
- მათრახით ცემის ცერემონიები ხშირად მეჩეთებთან ან საჯარო მოედნებზე ტარდება, სადაც პროცესს მოქალაქეები ესწრებიან და ფოტოებსაც იღებენ.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსგავსი პრაქტიკა სასტიკი და დამამცირებელია და ადამიანებს მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს.
Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა არაერთხელ დაგმეს ეს პრაქტიკა და განაცხადეს, რომ ის ინდონეზიის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
მიუხედავად კრიტიკისა, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი სასჯელები დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელია და აჩეს იდენტობის ნაწილია.
შარიათის კანონები აჩეში 2002 წელს ამოქმედდა, ხოლო 2003 წელს დამატებითი მკაცრი შეზღუდვები მიიღეს. მათ შორის იყო კანონი, რომელიც კრძალავს უცხო მამაკაცისა და ქალის ერთად ყოფნას, თუ ისინი მეუღლეები ან ნათესავები არ არიან.












