რევანში შედგა - ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე კოცოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან - 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე.
- ქართველმა მეოთხედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანს აჯობა. ოქროს მედლისთვის სულამანიძის მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იყო, რომელიც იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალიც მოიპოვა.
ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ისევე როგორც ილია სულამანიძე (-100 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ხვალ საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზებს.












