ვინ არის 21 წლის საბა ლაზიშვილი - რა მოხდა აბუ-დაბიში?
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აღმოჩნდა ჩართული, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 21 წლის ქართველი სპორტსმენი საბა ლაზიშვილიც მოექცა. ახალგაზრდა მოჭიდავემ, რომელიც მერაბთან ერთად იმყოფებოდა, დაპირისპირების დროს მეგობარს მხარი დაუჭირა და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია. მომხდარის ამსახველი კადრები კი სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.
ვინ არის საბა ლაზიშვილი?
საბა ლაზიშვილი 21 წლის ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. ის UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ზვიად ლაზიშვილის უმცროსი ძმაა. როგორც ჩანს, საბას სპორტული გზა ოჯახურ გარემოსაც უკავშირდება, სადაც საბრძოლო ხელოვნება და სპორტი უცხო არ ყოფილა.
საბა ამჟამად ამერიკაში ვარჯიშობს და მერაბ დვალიშვილის ქართულ გუნდთან ერთად ემზადება. მისი სპორტული კარიერა გარკვეულ ეტაპზე მუხლის ტრავმამ შეაფერხა - ოპერაციის შემდეგ მას დაახლოებით ორი წლის განმავლობაში სპორტისგან პაუზის აღება მოუწია, თუმცა მოგვიანებით ვარჯიშს დაუბრუნდა.

"საკმაოდ გვიან დაიწყო ვარჯიში და კადეტებსა და ახალგაზრდებში რამდენიმე ტურნირი აქვს მოგებული. მერე სამწუხაროდ ტრავმა მიიღო ორივე ფეხზე ჯვარედინი იოგების და 2 წელი გაუცდა და ახლა განაახლა ვარჯიშები, ჩხუბით კი ყოველთვის კარგად ჩხუბობდა.
პიოტრ იანთან ჩხუბის წინ, ჩემი უფროსი შვილი ზვიად ლაზიშვილი და ალჯამეინ სტერლინგი მერაბ დვალიშვილის სპარინგ-პარტნიორები იყვნენ. ახლა კი, როცა უკვე აბუ-დაბიში RAF-ზე უნდა გამოსულიყო, მერაბმა მოსამზადებლად საბა წაიყვანა, რადგან როდესაც თბილისში იყო ჩამოსული, მისი ჭიდაობა ძალიან მოეწონა. შემდეგ უკვე სთხოვა, რომ ან საჭიდაო ტურნირის დროს მის კუთხეში ყოფილიყო საბა და კარგი ქნა რომ წაიყვანა" - ამბობს საბა ლაზიშვილის მამა crystalsport-თან მიცემულ ინტერვიუში.
რა მოხდა აბუ-დაბიში?
11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილი ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მას UFC-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მიუახლოვდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უსმანმა მერაბ დვალიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მერაბის მონაყოლისა და გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, თავდასხმის დროს მასთან ერთად მყოფი საბა ლაზიშვილიც ჩაერთო დაპირისპირებაში. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს ახალგაზრდა ქართველი მეგობრის დაცვას და თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
მომხდარმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომხმარებლები საბას გამბედაობას აღნიშნავენ და მის სპორტულ მომავალზეც საუბრობენ. ინციდენტის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ მონაწილეები პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.












