ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის არიან ბავშვებიც
მარნეულში, სავარაუდოდ, ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge სამოქალაქო აქტივისტ ნარმინ საფაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხმარებლებმა ტორტი ერთ-ერთ საკონდიტროში შეიძინეს. დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს. „ჩვენ მივმართავთ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტის, „ოვენის“ სასწრაფო შემოწმებას ვითხოვთ. აღნიშნულ ობიექტში ნაყიდი ტორტის ჭამის შემდეგ 6 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ 3 ადამიანი (2 ზრდასრული და 1 ბავშვი) სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა“ – აცხადებს ნარმინ საფაროვა. ტორტის ნაწილს, რომელიც შენახულია, ლაბორატორიულ კვლევაზე წარადგენენ.











