ტრაგედია თბილისში - ახალგაზრდა ადვოკატი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, გარდაიცვალა: რას ჰყვებიან ახლობლები
შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ადვოკატი თინათინ (თიკო) ბერიაშვილი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მოულოდნელად გარდაიცვალა.
- როგორც AMBEBI.GE-ს მისმა ახლობლებმა განუცხადეს, ახალგაზრდამ სახლში გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის დაიღუპა.
"თიკო საკმაოდ ცნობილი ადვოკატი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი, ძალიან ნიჭიერი. დღე-დღეზე უნდა ემშობიარაო და ამბობენ, თრომბით დაიღუპაო. სახლში დაკარგა გონება, სასწრაფომ უგონოდ წაიყვანა. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ვერც ბავშვები გადაარჩინეს" - გვიყვებიან ახლობლები.
“თავზარდაცემულები ვართ, თიკო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, გადაჰყვა, ტყუპებს ელოდებოდა, დედა და ბავშვები გარდაიცვალნენ. მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. შოკირებულები ვართ მომხდარით.
სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ბედნიერი უნდა ყოფილიყო ეს ლამაზი ოჯახი, არაჩვეულებრივი ულამაზესი გოგო იყო, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, უნდა გაეხარა თავის ლამაზ ოჯახთან ერთად და ეს უბედურება მოხდა. მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, უფროსი შვილი დარჩა უდედოდ. ახლა ტყუპებს ელოდებოდა. სხვას ვერაფერს გეტყვით" - ამბობს ახლობელი.











