მილიარდიანი ზარალი, ძლიერი ხანძარი და დაშავებულები - მასშტაბური იერიში რუსეთის რეგიონებზე: ახალი დეტალები და ფოტოები
22 ივლისის ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური შეტევა დაფიქსირდა. დარტყმის მთავარი სამიზნე რუსეთში უმსხვილესი ონლაინ-სავაჭრო პლატფორმის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები გახდა. იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრასნოდარსა და სტავროპოლის მხარეში (ნევინომისკში) მდებარე საწყობებში. აფეთქებების სერია და ხანძარი კრასნოდარში ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, კრასნოდარში 20-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ქალაქის გარეუბანში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დრონების ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლსა და WildЯberries-ის 150 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობო კომპლექსს მიაყენა ზიანი. რეგიონის ოპერატიული შტაბის ცნობით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, აფეთქებები გაისმა ქალაქ არმავირშიც, სადაც იერიში ნავთობბაზაზე განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.











