გაფრთხილება ამინდის შესახებ! - "მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა"
26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











