ურთიერთობის საწყის ეტაპზე არ გვიფიქრია, რომ 11 წელი ერთად ყოფნა მოგვიწევდა" - ოთო ფოლადაშვილსა და ჯულიანა ბარგნართან
მათი ტანდემი 11 წლის წინ შეიქმნა. დღეს ჯულიანა ბარ-გნარს და ოთო ფოლადაშვილს უამრავი ადამიანი იცნობს. როგორ დაიწყო და აეწყო მათი ურთიერთობა, ამის შესახებ პროფესიონალი მოცეკვავეები სამუშაო დღის ბოლოს გულწრფელად გვესაუბრნენ. ჩვენთან ინტერვიუში არც ის დაუმალავთ, რომ კონფლიქტური სიტუაციებიც შეჰქმნიათ, თუმცა, რაც მთავარია, დღეს კვლავ ერთად არიან...
ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი - ინტერვიუ
- როცა ერთმანეთი გაიცანით, წარმოიდგენდით, რომ თქვენი მეგობრობა და საქმიანი პარტნიორობა წლებს გაუძლებდა?
ოთო:
- ურთიერთობის საწყის ეტაპზე არ გვიფიქრია, რომ 11 წელი ერთად ყოფნა მოგვიწევდა: ჯერ - ტურნირებში მონაწილეობა და სპორტული კარიერის აწყობა, მერე - საერთო სტუდიის შექმნა და ახლა უკვე - ბიზნესპარტნიორების ამპლუაში თანამშრომლობა... თუმცა, გაცნობის პირველივე დღეებიდან, ერთმანეთს იოლად შევეწყვეთ. ზუსტად ამის დამსახურება იყო, რომ როგორც წყვილმა, პირველივე წელს, შეჯიბრებებზე უამრავი ტიტული მოვიპოვეთ.
ჯულიანა:
- წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს, მაგრამ დღეს რა შედეგიც მივიღეთ, ეს დრომ, გამოცდილებამ, საერთო მიზნებმა, რაც გვაკავშირებდა და რაც ჩვენი წყვილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, მოიტანა... ალბათ, დღემდე ერთად სწორედ ამიტომ ვართ და ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგი შედეგი "დავდოთ" - ამისთვის ვიბრძვით.











