ქართულ შოუ ბიზნესში მომხდარი სკანდალი
გასული კვირის ყველაზე აქტუალური თემა ნინი ბადურაშვილის ოჯახური სკანდალი იყო. თითქმის ყველა მედიასაშუალება ამაზე წერდა, ინტერნეტსაიტებზე ამ თემამ ნახვის კუთხით ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ქართველებს ხომ სხვისი ცხოვრების წვრილმანები განსაკუთრებით გვაინტერესებს, მით უმეტეს სკანდალები, ქართული შოუბიზნესი კი სკანდალების ნაკლებობას არ უჩივის. ამიტომაც შოუბიზნესის სკანდალების ათეული ქართულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით შევადგინეთ. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე ნინი ბადურაშვილის ოჯახური სკანდალია. ნინი ბადურაშვილის ქორწინება სკანდალით დასრულდა. მომღერალმა ირაკლი კუტალაძეზე ოქტომბერში იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. წყვილის დაშორების შესახებ თბილისში დიდი ხანია ჭორაობენ, თუმცა მომღერლის ოჯახის წევრები ამას კატეგორიულად უარყოფდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი ჟურნალ "თბილისელებში" დაიბეჭდა ირაკლი კუტალაძის სკანდალური ინტერვიუ. კუტალაძის თქმით, ნინის მიზანი კანონიერი გათხოვება და კანონიერ ქორწინებაში ბავშვის გაჩენა იყო და არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მეუღლეს შეურიგდეს. მომღერალი ამ დრომდე პრესასთან დუმილს ამჯობინებს. "ფეისბუქის" გვერდზე კი თანადგომისთვის სამადლობელ სიტყვებს არ იშურებს. ერთ კვირაში ნინი ქალიშვილს ელოდება და სავარაუდოდ, მომდევნო კვირაშიც ბადურაშვილი-კუტალაძის ცხოვრება ისევ საზოგადოების განსჯის საგანი იქნება.
ლალი მოროშკინა და თაკო ფხაკაძე. ლალი მოროშკინასა და "პრაიმ ტაიმის" რედაქტორსა და დამფუძნებელ თაკო ფხაკაძეს შორის ინციდენტი 2011 წელს "ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემის ჩაწერისას მოხდა. ლალი მოროშკინა და ნუკი კოშკელიშვილი "პრაიმ ტაიმის" გამოკითხვის შედეგად ყველაზე უგემოვნო ქალის ნომინაციაში მოხვდნენ. მოროშკინა ამბობდა, რომ ნომინაციის გამოცხადების შემდეგ დაინახა, თუ როგორ ქირქილებდა მასზე თაკო ფხაკაძე, ეს ვერ აიტანა და ამიტომაც თაკოს მისი "მუშტი მოხვდა ყბაში". "მე მივეცი შანსი ნანუკას, საახალწლო გადაცემა მართლაც საახალწლო გამოსულიყო, მაგრამ მან ეს ვერ გამოიყენა და ყველაზე უგემოვნოდ დამასახელა, მაჩუქა რაღაც საშინელი თოჯინა, ამის გამო მიიღო გადაცემის ჩაშლა. თაკოს კი ხშირად ვეუბნებოდი, რომ ნუ წერდა თავის ყვითელ ფურცლებზე ჩემ შესახებ, მაგრამ ვერ გაიგო, თან ამ გადაცემის ჩაწერაზე ისეთი უგემოვნო, ყვითელი კაბით მოვიდა, მისგან ჩემზე ქირქილი აუტანელი იყო. როცა მივდიოდი ჯილდოს ასაღებად, თაკო ფხაკაძემ დამცინავად ჩაიცინა. ნანუკას ვთხოვე, რომ სიტყვის უფლება მოეცა. ვთქვი, რომ ალბათ, თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, როგორც პიროვნება და შურს ყველა ქალის, რომელიც თავისით იკვალავს გზას და არა გიგი უგულავას დახმარებით-მეთქი. მომიტივეთ, სხვა გზა არ მქონდა. როცა დავბრუნდი ჩემს ადგილზე და ყურში ჩამესმა თაკოს ქირქილი, ამას ვეღარ გავუძელი და ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე მას ხელით შევეხე", _ აცხადებდა მოროშკინა. მანდილოსნების მუშტი-კრივში ცივი იარაღი _ ჩანგალიც ფიგურირებდა. ფხაკაძის თქმით, ის სიკვდილისგან ჩანგლის სიბლაგვემ იხსნა. ფაქტი ერთია, მოროშკინას მოქნეულმა ჩანგალმა საზოგადოება დიდხანს ალაპარაკა. ლალიმ კი მომხდარის გამო 15-დღიანი პატიმრობა მოიხადა.











