სად იპოვეს 8 წლის ბიჭის ცხედარი
კალიფორნიის ქალაქ ლინვუდში რვა წლის ბიჭის, აიზია ჰარისონის, გარდაცვალების საქმეზე მისი მშობლები და ბებია მკვლელობისა და წამების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ბავშვის ცხედარი 2025 წლის ოქტომბერში, მშობლების საძინებელში მოთავსებულ პატარა საყინულეში აღმოაჩინეს.
საქმის წინასასამართლო მოსმენაზე, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდა, მოწმეებმა და ექსპერტებმა ბავშვის სიცოცხლის ბოლო წლის შესახებ მძიმე დეტალებს მოჰყვნენ. პროკურატურის ვერსიით, აიზია ხანგრძლივად შიმშილობდა, სცემდნენ და თოკებითა და ჯაჭვებით ავეჯზე აბამდნენ.
ბავშვის დედას, დესტინი ჰარისონს, მამას, დენიელ მონზონს და მამის დედას, ანა კარკამო-სარსენოს, მკვლელობისა და წამების ბრალი აქვთ წარდგენილი. სამივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ოჯახის წევრების თქმით, აიზია ადრე დაახლოებით 200 ფუნტს, ანუ 91 კილოგრამს იწონიდა. ნათესავმა სასამართლოში გაიხსენა, რომ ბიჭს უყვარდა პიცა, ვიდეოთამაშები და კატები და ხშირად ფარულად იღებდა საჭმელს — ზოგჯერ საკვებს ოჯახის დივნის ბალიშებშიც კი მალავდა.
თუმცა, ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, რობინ პარკსის, შეფასებით, ბავშვის ცხედრის აღმოჩენისას მისი წონა მხოლოდ 65 ფუნტი, დაახლოებით 29 კილოგრამი იყო.
პარკსის თქმით, დაახლოებით 12 თვის განმავლობაში აიზიამ სხეულის წონის ორი მესამედი დაკარგა.
სასამართლოში ნაჩვენები აუტოფსიის ფოტოებზე ბავშვის სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები, ჭრილობები და დაზიანებები ჩანდა. ექსპერტმა ასევე აღნიშნა კუნთების განლევის ნიშნები, რაც ხანგრძლივ შიმშილობასა და მოძრაობის შეზღუდვას უკავშირდებოდა.











