პენიტენციური სამსახური განცახდებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმები ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვით, მის შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„გიორგი ფეიქრიშვილი საკანში 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ არის. მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი. ის საკანში მარტო არის. თუ ოჯახს სურვილი ექნება ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხეში და მოინახულოს“, - განაცხადეს პრესსამსახურში.
ცნობისთვის, კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ძმები ფეიქრიშვილების დედის ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი ამჯერად საკანში მის მეორე შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან შევიდა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი ავთანდილ ბილანიშვილთან (იგივე „კაწრო“) და კიდევ სხვა პირებთან ერთად საკანში შევიდა დავით ფეიქრიშვილთან, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატის განმარტებით, მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დავით ფეიქრიშვილმა მიიღო სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები.
დავით ფიქრიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
შეგახსენებთ იმასაც, თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.











