„სცენაზე ბუკა მამას ჰგავს... თან ძალიან ინდივიდუალურია" - მარიამ ჯოლოგუა უფროსი ვაჟის, ბუკა თოლორდავას შესახებ
მარიამ ჯოლოგუამ გიორგი იაშვილის გადაცემაში სტუმრობისას უფროს შვილზე, ბუკა თოლორდავაზე ისაუბრა. ბუკა თოლორდავა მარიმ ჯოლოგუასა და კოტე თოლორდავას ვაჟია, რომელიც მშობლების გზას აგრძელებს - მსახიობია და უკვე არაერთ პოპულარულ პროექტში ვიხილეთ:

მარიამ ჯოლოგუა შვილზე: „ბუკა უკვე ჩემზე დიდი მსახიობია“
ინტერვიუში დედა აღიარებს, რომ შვილის პროფესიულმა ზრდამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და დღეს მას უკვე შემდგარ, ძლიერ ხელოვანად მიიჩნევს.
„ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ ბუკა ჩემზე დიდი არის უკვე, როგორც მსახიობი.“
მსახიობი იხსენებს ერთ-ერთ ემოციურ მომენტს, როდესაც სრულიად შემთხვევით წააწყდა სერიალ „ცვალებადი ნიშნების“ ახალ ვიდეორგოლს, რომელიც მისივე საკულტო სერიალის, „შუა ქალაქის“ მოტივებზე იყო შექმნილი.
„ერთხელ შემთხვევით ვნახე "ცვალებადი ნიშნების" მორიგი სეზონის თიზერი, რომელიც "შუა ქალაქის" ქუდის მიხედვით იყო გაკეთებული და საოცარი ემოცია იყო. შენი შვილი რომ 15 წლის შემდეგ იმავეს აკეთებს, ძალიან ემოციური სანახავია".
ორი თაობის შემოქმედებითი გზების შედარებისას, მარიამი აღნიშნავს, რომ ბუკამ გაცილებით ადრეულ ასაკში მიაღწია წარმატებას და დააგროვა პროფესიული გამოცდილება, ვიდრე თავად. მისი თქმით, 26 წლის ასაკში ის ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში იყო, რადგან თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა შედარებით გვიან დაიწყო.
„რაც შეეხება სცენას, 26 წლის არის ახლა ბუკა, მაგ ასაკში მე ჯერ "შუა ქალაქი" დაწყებული არ მქონდა, ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა (მე ხუთი წლით გვიან ჩავაბარე თეატრალურში, მანამდე სხვაგან ვსწავლობდი), და რეალურად ჯერ კიდევ მოლოდინში ვიყავი...“
დედა განსაკუთრებული სიამაყით უყურებს შვილის დღევანდელ თეატრალურ მიღწევებს და თვლის, რომ ბუკას ბევრად მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მას ჰქონდა წლების წინ.
„თეატრალური თვალსაზრისით, მხოლოდ შემიძლია ვიამაყო, რადგან მას უკვე მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მე, 46 წლისას...“
რაც შეეხება სამსახიობო მანერას, მარიამი მიიჩნევს, რომ ბუკა სცენაზე ძალიან ჰგავს მამას, კოტე თოლორდავას, თუმცა ამავდროულად სრულიად უნიკალური და თვითმყოფადი ხელწერა აქვს.
„სცენაზე ბუკა მამას ჰგავს. თუმცა ძალიან ინდივიდუალურია ყველანაირად. მაგრამ ერთი შეხედვით მამას ჰგავს.“
დედა-შვილი პირველად ემზადება ერთობლივი შემოქმედებითი პროექტისთვის. მარიამი განმარტავს, რომ აქამდე ის შეგნებულად ამბობდა უარს საერთო პროექტებზე, რათა შვილს სახელი დამოუკიდებლად მოეხვეჭა.
„ახლა ვმუშაობთ ერთად სპექტაკლზე. ჯერ არასდროს ერთად არ გვითამაშია. რამდენჯერმე უარიც მაქვს ნათქვამი კარგ პროექტებზე, რადგან მქონდა ეგ მომენტი, არა, ჯერ თვითონ დადგეს ფეხზე და როცა ის იქნება მყარად, დამოუკიდებელი მსახიობი და არა ვინმეს შვილი, მერე შეიძლება...“













