"5 შვილს ზრდიდა ნინო, ტრაგედიამდე სამი შვილი საჯარო სკოლაში წავიდა, აფეთქებისას ნინო, მისი 3 წლის თაია და 7 წლის ნუციკო იყვნენ სახლში" - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი მამაკაცია.
ამ ეტაპისთვის ნანგრევებიდან მაშველებმა ჯამში 5 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ახლა მაშველები ნანგრევებში ბავშვს ეძებენ.
რამდენიმე საათის წინ კი ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.
როგორც ახლობლები "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობენ, გადარჩენილი 3 წლიას თაიას დედა ახალგაზრდა ქალი, ნინო ჭელიძე 5 შვილის დედა იყო.
როგორც ჩანს, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ნინოს სამი შვილი საჯარო სკოლაში წავიდა და ბავშვების წასვლიდან მალევე კორპუსი აფეთქდა. ამ დროს სახლში იყვნენ ნინო, მისი 3 წლის თაია და 7 წლის ნუციკო. მთელი ქვეყანა მართლა ლოცულობდა, რომ როგორმე ყველა დაკარგული ადამიანი გადარჩენილიყო. საუბედუროდ ასე არ მოხდა.
“უკარგესი, უსაყვარლესი ოჯახი ჰქონდათ. მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები დარჩნენ დედის გარეშე. 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე, ძალიან ბედნიერები იყვნენ, ძალიან ლაღები, კარგები და უცებ ყველაფერი თავზე ჩამოენგრათ. ვიღაცის დაუდევრობას შეეწირა მრავალშვილიანი ოჯახის ორი წევრი. სიტყვები არ მაქვს, რა ვთქვა სანუგეშო. თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ამათაც ცოცხალს იპოვიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა საუბედუროდ. ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, შვილებს და მთელ საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას”, - ამბობს მომხდარით შეძრული ახლობელი.
კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის ცხედარი სავარაუდოდ იპოვეს, 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი. ლალი ამ კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა და აფეთქების დროს მასთან ერთად სახლში მისი ტყუპი შვილები იყვნენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტყუპ დებს ეძებდნენ, მაგრამ მათი ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ საბედნიეროდ ტყუპმა დებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს. განაგრძეთ კითხვა...











